Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პენსი: აშშ „ყოველთვის“ მხარში ედგება ბალტიისპირეთის ქვეყნებს


მაიკ პენსი ტალინში გამოსვლისას
მაიკ პენსი ტალინში გამოსვლისას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 31 ივლისს ესტონეთში ვიზიტისას დაადასტურა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა. პენსმა ტალინში ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისათვის მიუღებელია ბალტიისპირეთის სახელმწიფოების წინააღმდეგ ძალის, მუქარის გამოყენებისა და მავნე გავლენის მოხდენის მცდელობები. მისი თქმით, რუსეთი კვლავინდებურად ცდილობს, ძალის გამოყენებით შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას სუვერენულ სახელმწიფოებში. „პრეზიდენტმა ტრამპმა გამომგზავნა იმის სათქმელად, რომ თქვენს გვერდით ვართ. მხარში ვუდგავართ და ყოველთვის ვედგებით ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ხალხებს,“ - განაცხადა მაიკ პენსმა ესტონეთში. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ იტყვის უარს თავის მიზნებზე არც მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მოითხოვა რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიების მკვეთრად შეკვეცა. ტალინიდან პენსი 31 ივლისვე ჩადის საქართველოში, 1 აგვისტოს კი ესტუმრება ნატოს ახალ წევრ ქვეყანას, ჩერნოგორიას.

XS
SM
MD
LG