Accessibility links

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს


მაიკ პენსის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან

საქართველოში ვიზიტად მყოფი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი შეხვდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს: ნიკა მელიას, დავით ბაქრაძეს, შალვა შავგულიძესა და დავით უსუფაშვილს. როგორც შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ აცნობა ჟურნალისტებს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმას, სიტყვის თავისუფლებასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებას. ბაქრაძის თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტისგან მიიღეს მკაფიო მესიჯი, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას. „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, მან ყურადღება გაამახვილა შიდა დემოკრატიის პრობლემების გადაჭრის ოპტიმალურ გზებზეც. „ჩვენ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ მომავალი არჩევნები უნდა იყოს კონსოლიდაციის, და არა შემდგომი დაყოფის არჩევნები და ამისთვის აუცილებელია შეთანხმება საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემის საკითხებზე“ - განაცხადა უსუფაშვილმა. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, შალვა შავგულიძის თქმით, მაიკ პენსს იგი ესაუბრა მმართველი ძალის ხელში ძალაუფლების გაუმართლებლად ჭარბ კონცენტრაციაზე, ინსტიტუციური მმართველობის მოშლასა და არაფორმალურ მმართველობაზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, არაფორმალური მმართველობის გარდა, საუბარი შეეხო, აგრეთვე, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG