Accessibility links

მაიკ პენსი ვაზიანის ბაზას ეწვია და საქართველო შეაქო თავდაცვაზე აქტიურად ზრუნვისათვის


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თბილისთან, ვაზიანის ბაზაზე ვიზიტისას შეაქო საქართველო თავდაცვაზე აქტიურად ზრუნვისათვის. ამასთან, მან დაადასტურა ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში საქართველოს გაწევრიანების გზაზე. „საქართველომ გადააჭარბა ნატოს მიერ თავისი წევრებისათვის დასახულ მიზანს - თავდაცვისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის გაღებას. თქვენი მოქმედება მაგალითად გამოდგება ნატოს ბევრი წევრისათვის, რომელიც არ ასრულებს თავის ვალდებულებას ჩვენი საერთო თავდაცვისათვის. მინდა საქართველოს მივულოცო და მადლობა ვუთხრა ძლიერი მხარდაჭერისა და ძლიერი მაგალითისათვის სახელმწიფოს დაცვის საქმეში გამოჩენილი აქტიურობით“, - განაცხადა მაიკ პენსმა ვაზიანის ბაზაზე, სადაც მიმართა მრავალეროვნული სამხედრო სწავლების, „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს. პენსის თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მალე“ მოაწერს ხელს კანონპროექტს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შესახებ. ეს კანონპროექტი ხმების დიდი უმრავლესობით დაამტკიცა კონგრესის ორივე პალატამ. ვაზიანის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, მაიკ პენსმა თავისთვის და თავისი მეუღლისათვის „შთამაგონებელი“ უწოდა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ყოფნას და იქ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელთან, კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG