Accessibility links

მოსკოვი უარყოფს „როიტერსის“ ცნობას სირიაში წელს 40 რუსი სამხედროს დაღუპვაზე


რუსეთი უარყოფს საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობას, რომელშიც საუბარია სირიაში იმაზე მეტი რუსი სამხედროს დაღუპვაზე, ვიდრე მოსკოვი ოფიციალურად აცხადებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 იანვრიდან მოყოლებული, სირიაში დაიღუპა სულ 10 რუსი სამხედრო მოსამსახურე მაშინ, როცა „როიტერსი“ თავის კორესპონდენტების გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2017 წელს დაღუპულია, სულ ცოტა, 40 რუსი ჯარისკაცი და კონტრაქტით მებრძოლი სამხედრო პირი. „როიტერსის“ მონაცემები ეყრდნობა დაღუპულების ოჯახებისა და მეგობრებისაგან და რუსეთში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისაგან მიღებულ ინფორმაციას. მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს „როიტერსის“ მასალის სისწორეს. პირველად არ ხდება, რომ „როიტერსი“ ცდილობს სირიაში რუსეთის ოპერაციის დისკრედიტაციასო, განაცხადა 2 აგვისტოს სამინისტროს პრესმდივანმა, იგორ კონაშნიკოვმა. ხოლო კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთს არაფერი აქვს საერთო რუს მოხალისეებთან, რომლებიც სირიაში იბრძვიან. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2015 წელს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც გასაიდუმლოებლად ცხადდება ინფორმაცია რუს სამხედროებში დანაკარგზე მშვიდობიან პერიოდში სპეცოპერაციების დროს. ამ წესის ამოქმედებიდან ოთხ თვეში რუსეთმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია სირიაში, სადაც მმართველი რეჟიმის ჯარები ებრძვიან ოპოზიციონერთა შეიარაღებულ რაზმებსა და ისლამისტ ექსტრემისტებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG