Accessibility links

აფხაზეთში საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის ორი მოქალაქე


ოკუპირებულ აფხაზეთში, საბრძოლო მასალების საწყობში 2 აგვისტოს, საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა გვამები დღეს დილით აღმოაჩინეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიჭრა 60 ადამიანი, მათ შორის რუსეთის 35 მოქალაქე. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრესმდივანმა მიზან ლომიამ სააგენტო ინტერფაქსს განუცხადა, რომ დაიღუპნენ სანკტ-პეტერბურგელი ტურისტი ქალები, რომლებიც აფეთქების მომენტში ცხენებით სეირნობდნენ საბრძოლო მასალების საწყობის მახლობლად. გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს საწყობში მომხდარი აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აფხაზური მედიასაშუალებების ცნობით, დაშავებულთა უმრავლესობა აფეთქების მომენტში იმყოფებოდა საწყობის მახლობლად მდებარე გოგირდის წყაროებთან. აფეთქების ფაქტს აფხაზური სამართალდამცავი სტრუქტურები იძიებენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების გამო, კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა სპეციალურ ჯგუფს დაავალა ფაქტის საგამოძიებო შემოწმება.

XS
SM
MD
LG