Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში დაესწრო ვარშავის 1944 წლის აჯანყების წლისთავის აღნიშვნას


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატებიდან პოლონეთში ჩაფრინდა და დაესწრო ვარშავის 1944 წლის აჯანყების წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას. ცერემონიაზე გამოსვლისას, სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელებსა და მათ ქვეყანას „აგრესორის წინააღმდეგ უკრაინისა და საქართველოს ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის. „პოლონეთი არის თავისუფლების სიმბოლო ევროპის ამ ნაწილში და მაგალითი უკრაინის, საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის“, განაცხადა მან.

დღესვე სააკაშვილმა ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა ინტერნეტპორტალ ერემეფ 24-ს, რომ ვარშავაში შეხვდა პოლონეთის მმართველი პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“ წარმომადგენლებს ამ პარტიასა და უკრაინაში თავის პოლიტიკურ ძალას, „ახალი ძალების მოძრაობას“ შორის თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად. ინტერვიუში, რომელიც პოლონეთის ამ გამოცემის საიტზე გამოქვეყნდა, სააკაშვილი ამბობს, რომ როცა აშშ-ში შეიტყო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, გადაწყვიტა, მაშინვე გაფრენილიყო პოლონეთში და ამ ქვეყანაში არიან ჩასული უკრაინაში მისი პარტიის წევრი პოლიტიკოსებიც. სააკაშვილის თქმით, ის შეხვედრებს გამართავს ევროპის სხვა ქვეყნებშიც, ჩავა, მაგალითად, ბრიუსელში - მაგრამ დაიწყო პოლონეთით, რადგან „ყველაფერს, რაც პოლონეთში ხდება, სერიოზული გავლენა აქვს უკრაინაზე“. სააკაშვილი ამბობს, რომ მრავალი წელია ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებს პოლონეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან იაროსლავ კაჩინსკისთან, თუმცა ამჯერად არ არის დაგეგმილი მასთან შეხვედრა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გასულ თვეში, 26 ივლისს ჩამოართვა სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG