Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა ვაშინგტონში

ვაშინგტონი მოსკოვს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს აშშ მიიჩნევს უადგილოდ და შეუსაბამოდ ჟენევის იმ საერთაშორისო დისკუსიების პრინციპებთან, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს“. განცხადების თანახმად, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. „აშშ მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს თავისი სამხედრო ძალები და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება“, ვკითხულობთ წერილობით განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჰეზერ ნაუერტმა გაავრცელა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 8 აგვისტოს ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ბიჭვინთაში შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას. პუტინის ეს ვიზიტი ნატომ და ევროკავშირმაც დაგმეს.

XS
SM
MD
LG