Accessibility links

ახალი ამბები

ტრამპი: ჩრდილოეთი კორეის გაფრთხილება, ალბათ, არასაკმარისად მკაცრი იყო

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შვებულებაში ყოფნისას ნიუ ჯერსიში,ათ აგვისტოს განაცხადა, რომ მისი გამონათქვამი ჩრდილოეთი კორეის მიმართ, რომ „ცეცხლსა და რისხვას“ მოიმკის, თუ კვლავაც დაემუქრება შეერთებულ შტატებს, ალბათ, არ იყო საკმარისად მკაცრი. ტრამპის თქმით, მართალია, ის ყოველთვის მოლაპარაკებებს ემხრობა, ფხენიანი ძალიან ძალიან შეშფოთებული უნდა იყოს, თუ აშშ-ს რამეს დაუშავებს. ტრამპის თქმით, ჩრდილოეთმა კორეამ გონებას უნდა მოუხმოს, თორემ იგივე დაემართება, რაც ზოგიერთ ქვეყანას მოუვიდა. თუ ფხენიანი რამეს მოიმოქმედებს კუნძულ გუამის მიმართ, რაც ჩრდილოეთ კორეას მოუვა, ამის მსგავსი, არავის უნახავს დღემდე, განაცხადა ტრამპმა.

ყველა ახალი ამბავი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი, იოჰანეს ჰანი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და აღინიშნა, რომ 2019 წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისთვის.

სალომე ზურაბიშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე ისაუბრა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მან ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.

რუსეთში მსხვერპლი მოჰყვა ბომბდამშენის ავარიას

რუსეთის Ту-22М3 ბომბდამშენი

რუსეთში სამხედრო აეროდრომზე დაშვებისას ავარია განიცადა Ту-22 ტიპის შორეულმა ბომბდამშენმა. საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაიღუპა ორი და გადარჩა ასევე ორი ადამიანი.

სამინისტროს თანახმად, კატასტროფა მოხდა აეროდრომზე თვითმფრინავის დაშვებისას, საფრენ ზოლთან მისი შეხების მომენტში. ბომბდამშენი საბრძოლო აღჭურვილობის გარეშე ასრულებდა საწვრთნელ ფრენას.

Ту-22 ტიპის М3 მოდიფიკაციის ზებგერითი ბომბდამშენები ექსპლუატაციაში არიან 70-ანი წლების ბოლოდან. ბოლო ასეთი თვითმფრინავები შეიქმნა 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებული აქვს რამდენიმე ათეული ასეთი თვითმფრინავის მოდერნიზაციის გეგმა.

ასევე მიმდინარე თვეში, 18 იანვარს იაპონიის ზღვაზე ფრენისას ერთმანეთს შეეჯახა რუსეთის ორი ბომბდამშენი. Су-34-ის ტიპის თვითმფრინავები საწვრთნელ ფრენას ასრულებდნენ და ავარიის დროს ნაპირიდან 35 კილომეტრში იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ოთხი მფრინავიდან დაიღუპა ორი და გადარჩა ადამიანი. მეოთხეს ჯერ კიდევ ეძებენ.

რუსეთში დააკავეს მგზავრი, რომელიც მოითხოვდა „აეროფლოტის“ თვითმფრინავის ავღანეთში დაჯდომას

სურგუტ-მოსკოვის ავიარეისი Flightradar-ის ტრეკერზე

რუსეთში დააკავეს ავიარეის სურგუტ-მოსკოვის მგზავრი, რომელიც მოითხოვდა ფრენის მიმართულების შეცვლას ავღანეთში დასაჯდომად.

უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, „აეროფლოტის“ თვითმფრინავი, რომელშიც 41 წლის კაცი რეისის შეცვლას მოითხოვდა, ქალაქ ხანტი მანსიისკში დადრა.

კაცს, რომელიც მოქალაქეა, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, იარაღი არ აღმოაჩნდა. ხოლო ტელეარხი „რენ ტვ“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ თვითმფრინავზე კონტროლი დაამყარა „შეიარაღებულმა კაცმა“.

ზურაბ დათუნაშვილი: „გეგეშიძეს ვაჟკაცობა არ ეყო, სიმართლე ეთქვა“

ზურაბ დათუნაშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა 11 იანვარს მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენება მისცა. დაკითხვის შემდეგ, ევროპის ორგზის ჩემპიონმა თქვა, რომ გამოძიებას ენდობა.

„ვიცი რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს გადააყენებენ, რადგან არავის არ სჭირდება ასეთი პრეზიდენტი. მე მისი დაკავება არ მინდა. ის უნდა გადადგეს. უკვე ვნახეთ, რომ გეგა გეგეშიძე ყველაფერს უარყოფს. იმდენი ვაჟკაცობაც კი არ ეყო, რომ სიმართლე ელაპარაკა. მე კი ვამბობ სიმართლეს, რაც ყველამ კარგად დაინახა. ის ხელკეტით აგრესიულად მისწორდებოდა. მაქვს განცდა, რომ სიმართლე იზეიმებს“, - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა.

სპორტსმენმა შარშან ზაფხულში მომხდარი კონფლიქტიც გაიხსენა, რომელზეც თავის დროზე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებდა. ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, მაშინ ნაკრების შეკრება სამწვრთნელო შტაბთან დაპირისპირების გამო პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ინციდენტის მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთი მოჭიდავის დაჩაგვრა სურდათ და მე, როგორც ნაკრების კაპიტანმა, სამართლიანი პოზიცია დავაფიქსირე. ოღნდ მაშინ საქმე ჩხუბამდე არ მისულა“, - თქვა ზურაბ დათუნაშვილმა.

თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო და უახლოეს დღეებში დაკითხვაზე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესაც დაიბარებენ.

კახა კალაძე მოჭიდავეების ჩხუბზე: „ამაზრზენი ფაქტი მოხდა“

კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კალაძის განცხადებით, ამაზრზენი ფაქტი მოხდა და გამოძიებისგან შედეგს ელოდება.

„რაც სატელევიზიო ეთერში ვნახეთ, ის ამაზრზენი ფაქტი არა მარტო ჩემთვის, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის მიუღებელია. როგორც ვიცი, უკვე დაწყებულია გამოძიება და აუცილებლად უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, განაცხადა კალაძემ.

11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის დროს, დარბაზში ჯგუფური ჩხუბი მოხდა, რომელშიც საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე და ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილიც მონაწილეობდნენ. გავრცელდა მობილური ტელეფონით გადაღებული კადრები, სადაც გეგეშიძე დათუნაშვილს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან აგრესიაზე სპორტსმენი ღიად ლაპარაკობს და გეგეშიძის გადადგომას მოითხოვს. გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენება ჯერ არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს არ მიუცია.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს სამი თანათავმჯდომარე ეყოლება

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, ვიაჩესლავ ბახმინი

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები გახდნენ ვალერი ბორშჩევი, ვიაჩესლავ ბახმინი და დმიტრი მაკაროვი. ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებული ცნობით, ისინი აირჩიეს ორშაბათს გამართულ შეკრებაზე.

მანამდე უფლებადამცველ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ვეტერანი უფლებადამცველი ლიუდმილა ალექსეევა, რომელიც გასულ თვეში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვიაჩესლავ ბახმინის ინიციატივით არის შექმნილი სახაროვის ცენტრი. ვალერი ბორშჩევი მიეკუთვნება რუსეთში საზოგადოებრივი კონტროლის შესახებ კანონის ავტორებს, ის იყო სახელმწიფო სათათბიროს წევრი ფრაქცია „იაბლოკოს“ შემადგენლობაში. ხოლო დმიტრი მაკაროვი არის ეუთოს საერთაშორისო სამოქალაქო ინიციატივის საბჭოს ერთ-ერთი ინიციატორი და წევრი.

გადაწყვეტილება არა ერთი, არამედ სამი თანათავმჯდომარის შესახებ ორგანიზაციის სხდომაზე მიიღეს.

მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფი შეიქმნა 1976 წელს და ალექსეევა პირველივე დღიდან იყო მისი წევრი, ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა 1996 წლიდან. ის ცნობილია რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გაბედული კრიტიკით.

ქეთევან ციხელაშვილი: მე-12 დღეა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია

ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების დაკეტვა არა მხოლოდ არაკანონიერი, არაჰუმანური გადაწყვეტილებაა. მისი შეფასებით, ე.წ გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით არანაირი გამართლება არ აქვს:

მდგომარეობა ეპიდემიური არ არის. ამიტომ, ეს არ არის ადეკვატური საბაბი, რომ მოსახლეობას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნას.“- აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი, რომლის თქმითაც, „შეთავაზებულია ყველა გზა და გამოსავალი, რომ ამ პრობლემას მივხედოთ. მოსახლეობას რეალურად აქვს საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა".

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, განსაკუთრებით რთულია ვითარება ცხინვალის რეგიონში, სადაც მდგომარეობა კრიზისულია:

უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა არის, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც დაკეტილია გადაადგილება ტრანსკამით (ტრანსკავკასიური მაგისტრალი) დიდთოვლობის გამო და შესაბამისად, არის საკვებზე წვდომის ძალიან რეალური პრობლემა. მე მინდა გითხრათ, რომ ე. წ. გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვების დაწესების დღიდან, ჩვენ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ იმაზე, რომ პარტნიორებთან ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა“- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მოსკოვის სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელის დაცვის სარჩელი უარყო

მოსკოვის საქალაქო სასამართლოში გაიმართა აშშ-ის მოქალაქე პოლ უილანის საქმის თაობაზე მოსმენა. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის დაცვამ სარჩელი შეიტანა თავისი კლიენტის წინასწარი პატიმრობის წინააღმდეგ. სასამართლომ, სხდომაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, უარყო სარჩელი.

მოსკოვში დაპატიმრების დროს პოლ უილანს აღმოუჩინეს მასალა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავდა. ადვოკატ მიხაილ ჟერებენკოვის თანახმად, მან არ იცის, რა ვითარებაში ჩაუვარდა ხელში უილანს ეს მასალა და იცოდა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ამის შესახებ.

ადვოკატმა დასძინა, რომ უილანის შესაძლებელი გაცვლის განხილვა არ ხდება, სანამ არ გამოიტანენ განაჩენს.

აშშ-ის, ასევე ირლანდიის, კანადის და ბრიტანეთის მოქალაქე, ყოფილი საზღვაო ქვეითი, უილანი, 28 დეკემბერს დააკავეს რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა. მეორე დღეს მოსკოვის ლეფერტოვოს რაიონულმა სასამართლოს მას 28 თებერვლამდე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. ეჭვმიტანილი ლეფერტოვოს საპატიმროში იმყოფება.

აშშ-ის საელჩომ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ უილანთან საელჩოს თანამშრომლების შეხვედრის ორგანიზება გაჭიანურდა. საკონსულოს თანამშრომლები შეხვედრას გეგმავდნენ 17 იანვრისთვის, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, შეხვედრა გადაიდო უშიშროების ფედერალური სამსახურის მოთხოვნით. აშშ-ის საელჩო თვლის, ამით დაირღვა ორმხრივი კონვენცია.

თუ დამნაშავედ სცნეს, უილანს 10--დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბაგა-ბაღებში წითელას გავრცელების პრევენციის ღონისძიებები იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, საბავშვო ბაგა-ბაღებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოსავლენად კონკრეტულ ღონისძიებებს იწყებს. კერძოდ, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით ბაგა-ბაღებმა ბენეფიციარების გეგმიური აცრის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ბაგა-ბაღებს დაევალათ ასევე მშობლებისა და ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლების შესაბამისი ინფორმაციული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

სააგენტოს დირექტორის ბრძანების შესაბამისად, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში წითელაზე აცრა სავალდებულო ხდება საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირებისთვისაც. თუ ბენეფიციარი ორი თვის ვადაში არ აიცრება, დღის წესრიგში მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი დადგება.

აზერბაიჯანმა საპატიმროში მყოფი ბლოგერისთვის წაყენებული ახალი ბრალდებები გააუქმა

აზერბაიჯანის ხელისუფლებმა გააუქმეს აზერბაიჯანელი ბლოგერის, საპატიმროში მყოფი მეჰმან ჰუსეინოვის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება. ჰუსეინოვო ორწლიან პატიმრობას იხდის. ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ.

„სისხლის სამართლის საქმე მეჰმან ჰუსეინოვის წინააღმდეგ გაუქმდა, განაცხადა პროკურატურის პრესამსახურმა 22 იანვარს აზერბაიჯანსა და მის გარეთ საპროტესტო გამოსვლების და მღელვარების შემდეგ. პროკურატურის გადაწყვეტილება მოჰყვა დემონსტრაციებს ბაქოში და ასევე, ევროპის პარლამენტის რეზოლუციას, რომელშიც ჰუსეინოვის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას ითხოვდნენ.

ბლოგერს, რომელიც მარტში დატოვებს ციხეს, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ცილისწამებისთვის მას მერე, რაც განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ ძალადობა მოხდა 2017 წლის იანვარში. დეკემბრის ბოლოს მას ბრალად დასდეს ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ჰუსეინოვი თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მისი მის მიმართ აღძრული საქმე პოლიტიკური ბუნებისაა.

ცილისწამებისთვის გასამართლებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰუსეინოვმა გამოაქვეყნა ფოტოგრაფიები, სადაც გამოსახული იყო მთავრობის ოფიციალური წევრების და კანონმდებლების სახლები. ჰუსეინოვი კრიტიკული იყო პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილების მიმართ, მისი ცოლი, მეჰრიბანიპირველ ვიცეპრეზიდენტად დაენიშნა.

გენერალურმა პროკურატურამ 22 იანვარს განაცხადა, რომ ჰუსეინოვისთვის ბრალდების გაუქმება მოჰყვა სახალხო დამცველის, ასევე თვითონ ჰუსეინოვის მიმართვას ალიევისადმი, უზრუნველეყო სამართლიანი გამოძიები. პროკურატურის თქმით, ბრალდება გაუქმდა პრეზიდენტის რეკომენდაციით, რომ ჰუსეინოვი ახალგაზრდაა, რომ საპატიმროში კარგად იქცეოდა, რომ გამოსწორების გზას დაადგა, და რომ მისი მოხუცი მამა მხარდაჭერას საჭიროებს.

ათასობით პირი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ბაქოში, 19 იანვარს და მოითხოვდა ჰუსეინოვის განთავისუფლებას. დასავლეთის ქვეყნები და უფლება დამცავები ბაქოსგან ყველა პოლიტიკური პატიმრის განთავისუფლებას მოითხოვენ.

შპს „ვარკეთილაირი“ მომხმარებლებს აფრთხილებს ხმარებიდან ამოიღონ არასტანდარტული გამათბობლები

შპს „ვარკეთილაირი“ მომხმარებელს მოუწოდებს ნუ დაამონტაჟებენ საცხოვრებელ ბინაში კუსტარულ ან არასტანდარტულ დანადგარებს. საგანგებო განცხადება კომპანიამ თბილისში, ვარკეთილი 3-ის დასახლებაში 21 იანვარს სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გაავრცელა.

განცხადებაში შპს მიმართავს ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მიიღოს შესაბამისი დადგენილება, რომლითაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აეკრძალებათ არასტანდარტული გაზის დანადგარების ბინაში დამონტაჟება. კომპანია არასტანდარტული გაზის დანადგარის აღმოჩენის შემთხვევაში მათი მფლობელების ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმებასაც ითხოვს.

„ორგანიზაციამ ასეულობით აბონენტს “ჩაუჭრა“ არასტანდარტული დანადგარი, აღნიშნული დასტურდება მათ მიერ შედგენილი შესაბამისი გაფრთხილებისა და ბუნებრივი აირის შეწყვეტის შესახებ შედგენილი აქტებით.

მიუხედავად კომპანიის მიერ მიღებული ზემოაღნიშნული ზომებისა, ხშირ შემთხვევაში, ის აბონენტები, რომლებიც მოიხმარენ არასტანდარტულ გაზის გამათბობლებს, კომპანიის თანამშრომლების შემოწმების მიზნით ვიზიტის დროს, მალავენ გაზის გამათბობელს, ვიზიტის დასრულების შემდეგ კი, თვითნებურად აერთებენ და აგრძელებენ მის მოხმარებას. სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან გვაქვს საქმე განსახილველ შემთხვევაშიც,“- აღნიშნულია „ვარკეთილაირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, ბინაში, რომელშიც 21 იანვარს ორი ადამიანი სავარაუდოდ ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, მოქალაქეს არასტანდარტული გამათბობელი, ეგრეთ წოდებული რეფლექტორი ჰქონდა დამონტაჟებული.

თალიბებმა ავღანეთის არმიის ბაზაზე თავდასხმისას 45 სამხედრო მოკლეს

ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თალიბანმა იერიში მიიტანა ავღანეთის არმიის, ქაბულის დასავლეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე და 45 სამხედრო დახოცა.

მაიდან ვარდაკის პროვინციის დედაქალაქ მაიდან შაჰრიში მომხდარი თავდასხმისას, როგორც ქალაქის საბჭოს წევრი, ხავანინ სულტანი იტყობინება, 70 პირი დაიჭრა. 21 იანვრის თავდასხმა განხორციელდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ თალიბანი გამოაცხადებდა, რომ აშშ-თან გააგრძელა სამშვიდობო მოლაპარაკება.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, სამხედრო ბაზა წარმოადგენს საწვრთნელ ცენტრს, სადაც დაზვერვის მთავარი სამსახურის სამხედროები გადიან წვრთნას. ზოგიერთი ცნობით, დახოცილთა რიცხვი 126-ია.

მოლაპარაკება თალიბანსა და აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის კატარში იმართება. მოლაპარაკებასთან დაახლოებულმა პირმა როიტერსის სააგენტოს აცნობა, რომ კატარში თალიბანის პოლიტიკური ოფისის წევრები ხვდებიან მშვიდობის სფეროში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილს ავღანეთში, ზალმაი ხალილზადს.

მოსკოვში იაპონიის საელჩოსთან კურილის კუნძულების გადაცემის მოწინააღმდგეები დაკავეს

იაპონიის საელჩოსთან მოსკოვში 11 პირი დააკავეს. ისინი იაპონიისთვის კურილის კუნძულების გადაცემის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავდნენ. ცნობა გაავრცელა პორტალმა „ოვდ-ინფომ“ „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერ სერგეი უდალცოვზე დაყრდნობით.

ცნობი თანახმად, საელჩოსთან შედგა შეხვედრა დეპუტატებთან. უდალცოვის თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს პლაკატები ჩამოართვა.

სამშაბათს იმართება იაპონიის პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა. 21 იანვარს კრემლის პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ იაპონიიდან ჯერ არ მიუღიათ ოფიციალური წინადადება რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადების პირობების თაობაზე.

უფრო ადრე იაპონიის პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აბე განიხილავს რუსეთისთვის სამხრეთ კურილის კუნძულების ნაწილის, კუნძულ შიკოტანის და არქიპელაგ ჰაბომაის გადაცემას. 14 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იაპონელ კოლეგა ტარო კონოსთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ კურილის კუნძულებზე რუსეთის სუვერენიტეტის თემა არ განიხილება.

იაპონია არ აღიარებს რუსეთის კუთვნილებად კურილის არქიპელაგის სამხრეთით მდებარე კუნძულებს - იტურუპს, შიკოტანს, კუნაშირსა და ჰაბომაის. ამ კუნძულების გარშემო წარმოშობილი დავის გამო რუსეთსა და იაპონიას დღემდე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, არ დაუდიათ სამშვიდობო შეთანხმება. კუნძულები საბჭოთა ჯარმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკავა.

კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვაკის პარკში მშენებლობა არ განხორციელდეს

კახა კალაძე

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მწვანე სივრცეში, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არ განხორციელდეს მშენებლობა“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ . მისი განმარტებით სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორი მერიის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს არ დათანხმდა, კიდევ ერთი შეხვედრა ამავე საკითხზე კი რამდენიმე დღეში გაიმართება:

ეს იყო ადგილმონაცვლეობის საკითხი ან აღდგენილიყო იგივე შენობა, რესტორანი "ბუდაპეშტი", რომელიც ვაკის პარკთან ერთად აშენდა. აღდგენილიყო იგივე ზომებში და მოცულობებში, რაზეც უარი მივიღეთ“-განაცხადა კახა კალაძემ. იგი აღნიშნავს, რომ მასშტაბური მშენებლობა ვაკის პარკში კატეგორიულად მიუღებელია:

უკანონოდ რომ იყო გაცემული ნებართვა, მაგას ვყვირით ამდენი ხანი და მაგას ყვიროდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ამ მშენებლობას აპროტესტებდნენ. ბატონმა უგულავამ, რომელიც ქალაქის მერი გახლდათ, რა თქმა უნდა, არასწორად გასცა ნებართვა. სპეცნებართვაა გამოცემული იმისთვის, რომ ვაკის პარკში აშენებულიყო 30-მეტრიანი, 8-9 სართულიანი შენობა-ნაგებობა. ეს, რა თქმა უნდა, უკანონო იყო და ამას ვეწინააღმდეგებით ყველა და ვიბრძვით, რომ არ მოხდეს ასეთი მასშტაბური მშენებლობა ვაკის პარკში“ - განაცხადა კახა კალაძემ.

21 იანვარს ვაკის პარკის მხარდამჭერმა საზოგადოებამ თბილისის მერს თხოვნით მიმართა მისი დასწრებით გაიმართოს საჯარო შეხვედრა, რომელზეც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ახალ ნებართვაზე უარის სამართლებრივი არგუმენტები შეჯერდება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია #NotInMyParliament-ს ინიციატივას შეუერთდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეუერთდა სტრასბურგის #NotInMyParliamentinitiative ინიციატივას, რომელიც მოჰყვა იმ კვლევის შედეგებს, რომელმაც გამოავლინა ძალადობის, შევიწროების და სექსიზმის მაღალი მაჩვენებლები პარლამენტებში.


„პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები ერთიანდებიან, რომ თქვან - აღარ!“- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა, სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა.

სექსიზმის, შევიწროვებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 23 ნოემბერს დაიწყო.

ალეკო ელისაშვილი: შევიტანოთ ცხინვალში მედიკამენტები და პირველადი მოხმარების პროდუქტები

ალეკო ელისაშვილი

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, გამოძებნონ რესურსი ჰუმანიტარული ტვირთვის შესაძენად, გამოავლინონ ადამიანობა, სახელმწიფოებრივი პოზიცია და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყონ კონტაქტი ცხინვალის წარმომადგენლებთან:“დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯს დიდი ენთუზიაზმით შეხვდებიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამდენად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შურისძიებით სავსე კმაყოფილებით კი არ ვუყუროთ ამას, არამედ უნდა გამოვავლინოთ ადამიანური მიდგომა", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. მისი აზრით, ქართული მხარემ ცხინვალის რეგიონში არსებული ჰუმანიტარული და სასურსათო კრიზისის გამო მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს:

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრობლემები თავზე საყრელი გვაქვს, ჩვენგან ორ ნაბიჯში, ჩვენს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, ძალიან მძიმე ვითარებაა. თუ ვინმე ადევნებს თვალყურს, იცის, რომ ახალი წლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა და საკომუნიკაციო არხი არის როკის გვირაბი და ტრანსკავკასიური მაგისტრალი, რომელიც დიდი თოვლის გამო ჩაკეტილია. ამის გამო მიმოსვლა, კომუნიკაცია და პროდუქტების შეტანა ცხინვალის რეგიონში, მათ შორის ახალგორში, ჯავაში, არის შეწყვეტილი. ცხინვალში უკვე დგას სასურსათო და ჰუმანიტარული კრიზისი. ეს კატასტროფა შესაძლოა, დღე-დღეზე მოხდეს. ბავშვთა საკვები არ არის, მედიკამენტები თითქმის აღარ აქვთ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მეტის ღირსები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გადაწვეს და გაძარცვეს ქართული სოფლები, მოკლეს და შემდეგ ხელი დააფარეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელებს, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში ადამიანები ვართ და იმ რეგიონში უამრავი ჩვენი თანამოქალაქე, ძალიან მძიმე დღეშია. საუბარია მათ შორის ბავშვებზე და მძიმე ავადმყოფებზე“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ქართველი მეზღვაურის გადმოსასვენებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა

ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღაურის საქართველოში გადმოსასვენებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადაა, თუმცა სამინისტრო ლიბიის საგამოძიებო უწყებების ნებართვას ელოდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებს ლიბიის მხარესთან, უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს, გარდაცვლილი ქართველი მეზღვაური გადმოვასვენოთ სამშობლოში, თუმცა ამ ეტაპზე ლიბიაში მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები. ველოდებით გამოძიების დასრულებას და შესაბამისი უწყებების ნებართვას, ამის შემდეგ კი გადმოსვენების პროცედურა შეფერხებების გარეშე განხორციელდება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს. ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა. იოსელიანის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობისას გაუჩინარებული იყო.

ეკა ბესელია გააგრძელებს ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში მუშაობას

ეკა ბესელია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატს ეკა ბესელიას კიდევ ერთი წლით გაუგრძელა ვადა ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში. როგორც კომიტეტის წევრი, ეკა ბესელია სესიის ფარგლებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომებში მონაწილეობს.

საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის თანახმად, სხდომაზე იმსჯელეს პატიმართა გადაყვანისას ადამიანის უფლებების ანგარიშის პროექტის, ანგარიშის რეზოლუციისა და შესაბამისი რეკომენდაციების შესახებ. გაიმართა თემატური დებატებიც, აირჩიეს კომიტეტის თავმჯდომარე და ვიცე-თავმჯდომარე.

21-25 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE)ზამთრის სესია იმართება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განაახლებს „მოსმენების“ საქმის განხილვას

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სახალხო დამცველისა და 326 მოქალაქის პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებით განხილვას უცხოელი ექსპერტების მოსაზრებების მოსმენით განაახლებს. მოსარჩელე მხარემ ამ მიზნისთვის პროფესიით ფიზიკოსი, IT და ტელე-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი დეივ ორელი მოიწვია. იგი ამავე დროს არის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ტექნიკური მოწყობილობების აუდიტი. სასამართლო პროცესზე იგი ტექნიკურ დეტალებსა და მსოფლიო პრაქტიკაზე ისაუბრებს.

მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს მოსმენების შესახებ ახალ კანონს, რომელიც მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს მანამდე მოქმედი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო. მოსარჩელის თანახმად, ვინაიდან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექვემდებარება, უკანონო მოსმენების რისკი დიდია და ახალი კანონით არაფერი შეცვლილა.

გეგა გეგეშიძე: გაღიზიანებული სპორტსმენის მოთხოვნის გამო პრეზიდენტი არ უნდა გადადგეს

გეგა გეგეშიძე

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე გადადგომას არ აპირებს. ევროპის ორგზის ჩემპიონი სპორტსმენის, ზურაბ დათუნაშვილის, მოთხოვნა გეგეშიძემ უსაფუძვლოდ მიიჩნია და განაცხადა, რომ წაგებით გაღიზიანებული სპორტსმენის უსაფუძვლო მოთხოვნის გამო ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ უნდა ტოვებდეს.

გეგეშიძე და დათუნაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ 11 იანვარს სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე. გუნდურ ხელჩართულ ჩხუბზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და, წინასწარი ინფორმაციით, გეგა გეგეშიძე დაკითხვაზე დღეს უნდა მივიდეს, ზურაბ დათუნაშვილმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებს უკრაინელი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი დაემატა

ქართველი ძიუდოისტები საერთაშორისო სეზონს 24-26 იანვარს გახსნიან ისრაელში გასამართი პრესტიჟული ტურნირით. ტელ-ავივის გრან პრიზე საქართველოდან მხოლოდ ქალთა ნაკრები გავა ტატამზე. გიორგი თენაძის გაწვრთნილი გუნდის განაცხადში ერთი სიახლეა - 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით იჭიდავებს უკრაინელი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი, რომელიც ასევე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის მეუღლეა.

ტატიანა ლევიცკა-შუკვანი 28 წლისაა. საერთაშორისო არენაზე მისი წარმატებებიდან გამოსარჩევია ევროპის საკლუბო და სანაკრებო ჩემპიონატებზე მოპოვებული ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ტურში შეტანილ ინდივიდუალურ შეჯიბრებებზე კი ერთადერთხელ მოხვდა საპრიზო სამეულში - 2014 წელს, თბილისის გრან პრიზე მესამე ადგილი დაიკავა. არის უკრაინის 2015 წლის ჩემპიონი.

ტატიანას მეუღლე, ბეთქილ შუკვანი, ამჟამად ბეკირ ოზლუს სახელით თურქეთის ნაკრების ღირსებას იცავს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2013 წლამდე გამოდიოდა. 2011 წელს ის ევროპის ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ტელ-ავივის გრან პრიზე ლევიცკა-შუკვანის გარდა საქართველოს სახელით იჭიდავებენ: მარიამ ჯანაშვილი (52 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), მარიამ ჭანტურია (70 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

მექსიკაში მილსადენის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

91-მდე გაიზარდა მექსიკაში მილსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, იუწყება სააგენტო Reuters. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო მანამდე 85 დაღუპულის შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.

მექსიკის ხელისუფალთა განცხადებით, 54 ცხედარი იმდენად დამწვარია, რომ მათი ამოცნობა მხოლოდ დნმ-ის ანალიზით იქნება შესაძლებელი. საავადმყოფოებში რჩება 72 დაშავებული.

მექსიკის ქალაქ ტლაუელილპანში მილსადენზე აფეთქება 19 იანვარს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიამ Pemex-მა მილსადენის დაზიანების შესახებ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე იცოდა, თუმცა, ნავთობის გაჟონვის მასშტაბი სათანადოდ ვერ შეაფასა და მილსადენის გადაკეტვა საჭიროდ არ ჩათვალა. უცნობმა პირებმა მილსადენი განზრახ დააზიანეს, რის შემდეგაც ათასამდე ადგილობრივმა მცხოვრებმა დაიწყო დაზიანებული მილიდან საწვავის მიტაცება.

მექსიკაში ამჟამად საწვავის დეფიციტია. 2018 წლის დეკემბერში, მთავრობამ რამდენიმე მილსადენი დაკეტა საწვავის მიტაცების აღსაკვეთად. ბენზინის ტრანსპორტირება დაცული ცისტერნებით ხდება. მთავრობის ახალი პოლიტიკის გამო, ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგებია. მექსიკელები საწვავის მარაგის შექმნას ცდილობენ. 19 იანვარს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მექსიკის მთავრობამ განაცხადა, რომ საწვავის მიტაცებასთნ ბრძოლის პოლიტიკა არ შეიცვლება.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შეხვდა ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელგიაში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. ქართველი სტუდენტები დაინტერესდნენ საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით და პრეზიდენტს ესაუბრნენ იმ პრობლემების შესახებაც, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ. სტუდენტები დაინტერესდნენ იმითაც, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლს ქვეყნის გარეთ საქართველოს პოპლულარიზაციის მიმართულებით, ხოლო სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქვეყნის განვითარების საქმეში.

ბელგიის სამეფოში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტების გარდა შეხვდა ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. პრეზიდენტმა მათ გააცნო ინიციატივა პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღების შესახებ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობის ინიციატივაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის თანახმად, ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი 22-23 იანვარს შეხვედრებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გამართავს.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას

მამუკა ბახტაძე

დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პოლიტიკური შეხვედრები და მოლაპარაკებები ბიზნესლიდერებთან და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საქართველოში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაა.

"შეხვედრა გვექნება რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც აქტიურად განიხილავს და გეგმავს საქართველოში ინვესტირებას. მოლაპარაკებები გაიმართება იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში თავიანთი საერთაშორისო ოფისების გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომელიც მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება და რომლის თანახმად ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც საქართველოში გახსნიან თავიანთ მთავარ ოფისებს და რეგიონს მოემსახურებიან.“- განაცხადა მედიასთან კომენტარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ეკონომიკური ფორუმი დავოსში 25 იანვარს დაიხურება. ფორუმის მთავარი საკითხები არის გლობალიზაცია, კიბერუსაფრთხოება, ციფრული ეკონომიკა, კრიპტოვალუტა და სხვა.

გერმანია უსაფრთხოებას ასახელებს ირანული ავიაკომპანიის აკრძალვის მიზეზად

გერმანიამ ლიცენზია ჩამოართვა ირანის ავიაკომპანია Mahan Air-ის და ამის მიზეზად მოიტანა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, ისევე, როგორც ავიაკომპანიის მოქმედებები სირიაში. ავიაციის ფედერალურმა ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის თვითმფრინავებს მყისიერად აეკრძალოთ გერმანიაში დაფრენა. გერმანიის მთავრობის პრესიმდივნის, შტეფენ ზაიბერტის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე უწყებამ კონსულტაციები გაიარა ევროპელ მოკავშირეებთან და აშშ-სთან. გადაწყვეტილებას მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და ვაშინტონის სხვა მოკავშირეებს მოუწოდა იგივე გააკეთონ. Mahan Air-ი სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა ირანში, ის 2011 წლიდან შეტანილია აშშ-ის სანქციების სიაში და ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს მისი დაჯარიმებისკენ მოუწოდებს. თეირანი აშშ-ს და ისრაელს ადანაშაულებს თეირანის ევროპასთან ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობაში, რათა მოხდეს საბოტაჟი 2015 წელს მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებისა, რომლითაც ირანს სანქციები მოეხსნა მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG