Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ იხუმრა, როცა პუტინს მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა შემცირებისთვის


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იხუმრა, როცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა რუსეთში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების ბრძანების გაცემისთვის, რადგან ამით აშშ-ს ფული დაეზოგება. „აბსოლუტურადო“ - ასე უპასუხა ტრამპმა 11 აგვისტოს ჟურნალისტების შეკითხვას იმის თაობაზე, იყო თუ არა მისი განცხადება სარკასტული მაშინ, როცა მან განაცხადა, რომ „დიდად“ აფასებს პრეზიდენტ პუტინის დახმარებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხარჯების დაზოგვაში. 11 აგვისტოს თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმაც დაწერა ტვიტერით, ტრამპი „სარკასტული“ იყო ამ განცხადებებით გამოსვლის დროსო. პუტინმა გასულ თვეში მიმართა აშშ-ს განაცხადით, რომ აშშ-ის საელჩოს და საკონსულოს 1200-მდე მუშაკისგან 755 შემცირებას დაექვემდებაროს. ეს იყო პასუხი აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ ახალ კანონზე, რომლითაც განმტკიცდა მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები, უკრაინაში განხორციელებული აგრესიის და იმ ცნობების გამო, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში. ტრამპმა, რომელიც გამოვიდა ინიციატივით თითქმის მესამედით შემცირებულიყო სახელმწიფო დეპარტამენტის ხარჯები, 10 აგვისტოს თქვა, ძალიან მადლობელი ვარ რომ მან ამდენი ხალხი გაათავისუფლა, რადგან ახლა უფრო ნაკლები ხელფასი გვექნება გადასახდელიო. ამ განცხადებამ, რომლის ფონია მიმდინარე გამოძიება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის და ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებთან შესაძლო კავშირების შესახებ, გააძლიერა კრიტიკა, რომ ტრამპი მეტისმეტად რბილად ეკიდება რუსეთს.

XS
SM
MD
LG