Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის პრეზიდენტი ტრამპს მოუწოდებს თავიდან აირიდოს ესკალაცია ჩრდილოეთ კორეასთან


ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და მოუწოდა თავიდან აირიდოს „სიტყვები და ნაბიჯები“, რომლებიც გააუარესებს უკვე დაძაბულ სიტუაციას კორეის ნახევარკუნძულზე - ამ ცნობას ავრცელებს ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია. 12 აგვისტოს თეთრმა სახლმაც გაავრცელა განცხადება, რომ ჩრდილოეთმა კორეამ „უნდა შეწყვიტოს მისი პროვოკაციული და ესკალაციისკენ მიმართული ქცევა“ და რომ ფხენიანისთვის გაეროს მიერ დაწესებული სანქციები „მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯია“ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის და სტაბილურობის დასამყარებლად. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა და სიმ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ნახევარკუნძულის ატომური იარაღისგან გათავისუფლება სურთ. ტრამპმა ჩინეთს მოუწოდა გააძლიეროს ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე, რათა მან შეწყვიტოს ბირთვული იარაღის პროგრამა. ჩინეთი ჩრდილოეთ კორეისთვის წარმოადგენს უმსხვილეს ეკონომიკურ პარტნიორს და დახმარების წყაროს - თუმცა აცხადებს, რომ მას არ შეუძლია ფხენიანი აიძულოს შეწყვიტოს მისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები. სატელეფონო საუბრის ფონია ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მწვავე რიტორიკით გამორჩეული კვირა - ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ ამთავრებს გეგმას საშუალო და გრძელი რადიუსის რაკეტების გაშვებაზე გუამისკენ, სადაც აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული. ტრამპმა 10 აგვისტოს განაცხადა, თუ ფხენიანი რამეს მოიმოქმედებს კუნძულ გუამის მიმართ, რაც ჩრდილოეთ კორეას მოუვა, ამის მსგავსი, არავის უნახავს დღემდეო.

XS
SM
MD
LG