Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარაკასი მწვავედ აკრიტიკებს ტრამპს ვენესუელაში "სამხედრო ჩარევის" შესახებ სიტყვების გამო


ვენესუელის მთავრობამ მწვავე განცხადებით უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვებს ვენესუელის პოლიტიკური კრისიზის გადასაჭრელად პოტენციური "სამხედრო გზის" არსებობის შესახებ. კარაკასში უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხორხე არეასამ თქვა, ტრამპის განცხადება წარმოადგენს ვენესუელის მიმართ მტრული დამოკიდებულების ყველაზე ხმამაღალ აქტს საუკუნის განმავლობაში და საფრთხეს უქმნის ვენესუელის სტაბილურობასო. არეასამ ტრამპს "იმპერიის ბოსი" უწოდა და თქვა, რომ ტრამპის მიერ 11 აგვისტოს გაკეთებული განცხადებები ირეკლავს ვენესუელის სუვერენიტეტის მიმართ აგრესიის მოდელს. ამასთან, არეასას შეფასებით, ტრამპის განცხადება არღვევს საერთაშორისო კანონებს და გაეროს ქარტიას. ჯერსიში, თავის გოლფის კურორტზე შვებულებაში მყოფ ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ვენესუელაზე - სადაც უკვე თვეებია პოლიტიკური არეულობა სუფევს და კამათის საგნად ქცეული არჩევნებით შედგა პარლამენტი, რომელიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოკავშირეა. ძალადობრივ აქციებს 120-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, დააპატიმრეს ათასობით მოქალაქე. „ვენესუელასთან მიმართებით ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, მათ შორის სამხედრო, საჭიროების შემთხვევაშიო“ - განაცხადა ტრამპმა, თავის საგარეო პოლიტიკურ გუნდთან შეხვედრის შემდეგ. „ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ სამხედრო ოპერაცია - სამხედრო გზა - ცხადია ერთ-ერთია, რომელსაც შევძლებთ მივმართოთო“, განაცხადა ტრამპმა. მის სიტყვები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა როგორც ვენესუელაში, ისე სხვა ქვეყნებშიც.

XS
SM
MD
LG