Accessibility links

დაიწყო გამოძიება შარლოტსვილში მანქანით გამოწვეული მსხვერპლის გარშემო


აშშ-ის ფედერალური გამომძიებლები აცხადებენ, რომ სამოქალაქო უფლებების კუთხით დაიწყეს გამოძიება იმ ვითარების გარშემო, რომელშიც მძღოლმა მანქანა შეაჯახა თეთრკანიანთა ნაციონალიზმის და ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მიმდევართ, ისევე როგორც მათ მოწინააღმდეგეებს. შეჯახებას ემსხვერპლა 32 წლის ქალი, დაშავდა 19 ადამიანი. პოლიციის განცხადებით, მძღოლი ოჰაიოს შტატის მცხოვრები, ჯეიმს ალექს ფილდსია, ის ინციდენტიდან მალე დააკავეს. შეჯახების მომენტი ვიდეოზე აღბეჭდეს და მედიით გავრცელდა. შეტაკებების დროს ჩამოვარდა ვერტმფრენი, რასაც ორი ვირჯინიელი სამხედრო ემსხვერპლა - ოფიციალური ცნობებით, ეს ინციდენტიც საპროტესტო აქციებს უკავშირდება. აშშ-ის გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსის თქმით, „შარლოტსვილში ძალადობა და ადამიანების დაღუპვა წარმოადგენს დარტყმას ამერიკის კანონსა და სამართალზე. მანქანის ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერით დაწერა: "ყველა უნდა გავერთიანდეთ და დავგმოთ ყველაფერი, რასაც სიძულვილი წარმოადგენს. ამგვარი ძალადობა უადგილოა ამერიკაში. დავდგეთ როგორც ერთნი". ბევრი გავლენიანი დემოკრატი, სამოქალაქო უფლებების აქტივისტი და ზოგიერთი რესპუბლიკელი ტრამპს აკრიტიკებენ, რომ მან არ დაგმო აქციაზე მყოფი თეთრკანიანთა უპირატესობის იდეოლოგიის მომხრე ჯგუფები, მათ შორის ნეო-ნაცისტები და კუ-კლუქს-კლანის წარმომადგენლები. ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტესვილის წარმომადგენლებმა ნებართვა მისცეს რასისტ ექსტრემისტებს აქცია გაემართათ 12 აგვისტოს, თუმცა ვირჯინიის მმართველმა, ტერი მაკაულიფმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აქციის ნებართვა გაუქმდა, მას შემდეგ, რაც 12 აგვისტოს, დილით, რასისტ ექსტრემისტებს და მათ მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა. აშშ-ში ექსტრემისტ ჯგუფებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს დემონსტრაცია სავარაუდოდ უდიდესი იქნებოდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG