Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში იმყოფებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი


ავღანეთში იმყოფებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ავღანეთში ჩავიდნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მონაწილე, მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის წევრების გასამხნევებლად და თანადგომის გამოსახატად. ამ ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, მდინარი ბებიაშვილი 3 აგვისტოს დაიღუპა ბაგრამის ბაზასთან, პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის შედეგად. ლევან იზორია და ვლადიმერ ჩაჩიბაია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდნენ 23-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას, კიდევ ერთხელ გამოთქვეს მწუხარება მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო და ქართველ სამხედროებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ბატალიონის საქმიანობისა და ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბატალიონის მეთაურისგან, ვიცე-პოლკოვნიკ ბექა ამბროლაძისგან. საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქაბულში შეხვდნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს და ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის ბაზის მეთაურს, გენერალ მურად სელჩუკს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალმა ნიკოლსონმა ქართული კონტინგენტის მიმართ უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატა და აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცები მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და სამაგალითო არიან, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროებს შორის.

XS
SM
MD
LG