Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი გამოეხმაურა აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების 25-ე წლისთავს


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაავრცელა განცხადება აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25-ე წლისთავთან დაკავშირებით. აფხაზეთში ომის დაწყებას მან უწოდა ქვეყნის უახლესი ისტორიის "ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა". „სისხლიანმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან ჩვენი ათასობით მოქალაქის, ჯარისკაცების თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა. მთელ საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ხსოვნას“ - ნათქვამია განცხადებაში. მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ძმათა შორის ომის გაჩაღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბჭოური იმპერიალიზმით ნასაზრდოებმა, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკამაც და სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი. “მათ წინაშე პასუხისმგებლობა, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა, ზოგადად ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. ამ გამოწვევაზე პასუხი მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით და ამავდროულად, პრინციპული საერთაშორისო და სამეზობლო პოლიტიკით, თანამოძმეებთან ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენით და ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი” - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG