Accessibility links

ტრამპი გმობს რასიზმს და პირობას დებს, რომ დაისჯებიან შარლოტსვილში მოძალადე პირები


დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმო რასიზმი, რომელსაც „ბოროტება“ უწოდა, და პირობა დადო, რომ სასამართლოს წინაშე წარდგებიან ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები. თეთრ სახლში საგანგებო განცხადებით გამოსვლისას, ტრამპმა „კრიმინალურ ელემენტებად“ მოიხსენია პირები, ვინც რასიზმის სახელით ძალადობს - მათ შორის „კუ-კლუქს-კლანის“ წევრები, ნეონაცისტები და თეთრკანიანთა აღმატებულების იდეის მომხრეები. იუწყებიან ასევე, რომ სასამართლომ თავდებით გათავისუფლებაზე უარი უთხრა მამაკაცს, რომელიც ვირჯინიის შტატში ავტომანქანით შეიჭრა ულტრამემარჯვენეთა მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში. 12 აგვისტოს ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 19 ადამიანი. 20 წლის ჯეიმს ალექს ფილდსს მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. დემონსტრაციის დღეს, ვიდრე ინციდენტი მოხდებოდა, ფილდსი აღბეჭდილია ვიდეოჩანაწერზე რასისტების, კერძოდ თეთრკანიანი "სუპრემატისტების" ჯგუფთან ერთად. ხოლო ინციდენტის ვიდეოჩანაწერზე ჩანს, როგორ ეჯახება სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ დემონსტრანტებს, შემდეგ ორ ავტომანქანას და მერე უკვე ინციდენტის ადგილს ტოვებს. თავდასხმის შემდეგ პირველ განცხადებაში, ტრამპმა ამერიკელებს ერთიანობისაკენ მოუწოდა და მიუსამძიმრა ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს. მაგრამ ეს რეაქცია არაადეკვატურად მიიჩნია მრავალმა დემოკრატმა და რესპუბლიკელმა: მათი აზრით, ტრამპი დაგვიანებით გამოეხმაურა ძალადობას და ცალსახად არ დაგმო რასისტები, რომელთა გამოც, როგორც ჩანს, შეხლა-შემოხლა დაიწყო. ტრამპის მომდევნო, 14 აგვისტოს განცხადება გაცილებით უფრო მკაფიოა და, კონკრეტულად, რასიზმის წინააღმდეგ არის მიმართული.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG