Accessibility links

"ამნესტი" გმობს ირანში მოზარდობის ასაკში დაკავებული პირის სიკვდილით დასჯის გეგმას


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლი“ ირანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს მოზარდობის ასაკში დაკავებული პირის, მეჰდი ბოჰლულის სიკვდილით დასჯის გეგმა. „ამნესტიმ“ 15 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაჰლული დანაშაულის დროს „მხოლოდ ბავშვი“ იყო - ისევე როგორც მამაკაცი, რომელიც, დანაშაულის დროს არასრულწლოვნობის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ სიკვდილით დასაჯეს. „ამნესტი“ ამ ქმედებას „სისასტიკის საზიზღარ აქტს“ უწოდებს და მის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. მეჰდი ბოჰლული 17 წლის იყო, როცა 2001 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, როგორც სასამართლომ დაადგინა, ჩხუბის დროს ადამიანის ცივი იარაღით მოკვლისათვის. მას უკვე სამჯერ დაუნიშნეს და გადაუდეს განაჩენის სისრულეში მოყვანის თარიღი - ბოლოს აპრილში. „ამნესტის“ მოწოდება გავრცელდა კვირაზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც ირანში 10 აგვისტოს სიკვდილით დასაჯეს 21 წლის ალირეზა ტაჯიკი. ის 15 წლის იყო, როცა დააპატიმრეს, „ამნესტის“ ინფორმაციით, მკვლელობისა და მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ბრალდებებით. ირანის კანონი სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებს მკვლელობის, გაუპატიურების, ჰომოსექსუალური კავშირისა და შეიარაღებული ძარცვის შემთხვევებში.

XS
SM
MD
LG