Accessibility links

ეკონომიკის სამინისტრო: გიორგი ჩოგოვაძე რჩება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად


GEM Fest-ი, ანაკლია

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ. სააგენტო ინტერპრესნიუსს სამინისტროში განუცხადეს, რომ გიორგი ჩოგოვაძე რჩება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ჩოგოვაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ელექტრონული მუსიკის ფესტივალთან, GEM Fest-თან დაკავშირებული პრობლემების გამო. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფესტივალი 1 900 000 ლარით, ბიუჯეტიდან დააფინანსა. ფესტივალის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, გასულ კვირაში, ფეისბუქით გაავრცელა განცხადება, რომ წლევანდელი GEM Fest-ი ფინანსურად წარმატებული არ აღმოჩნდა. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ანაკლია-განმუხურში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, 14 აგვისტოს დასრულდა. იმავე დღეს, განმუხურში საპროტესტო აქცია გამართა ბილეთების კონტროლის განყოფილებაში დასაქმებულმა 40-ზე მეტმა პირმა, რომლებმაც ფესტივალის ადმინისტრაციისგან მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლებენ.

XS
SM
MD
LG