Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რვა ოპოზიციური პარტია მზად არის მმართველ პარტიასთან დიალოგისთვის საარჩევნო საკითხებზე


რვა ოპოზიციურმა პარტიამ მზადყოფნა გამოთქვა მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“ აწარმოოს დიალოგი საარჩევნო საკითხებზე კონსენსუსის მისაღწევად. „თუ ხელისუფლებას მართლაც სურს საკონსტიტუციო ცვლილებების მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში განხორციელება და შესაბამისად, მის მიერ ჩიხში შეყვანილი კონსტიტუციური რეფორმის გადარჩენა, უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით“ - ნათქვამია რვა პოლიტიკური პარტიის ერთობლივ განცხადებაში. რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის კომპონენტებს, პარტიები უმთავრესად მიიჩნევენ ე.წ. გაუნაწილებელი მანდატების სამართლიანად, პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად განაწილების უზრუნველყოფას. რვა პოლიტიკურ პარტიას უმნიშვნელოვანეს საკითხად მიაჩნია პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებაც, მაგრამ მმართველი პარტიის მკვეთრად განსხვავებული პოზიციის გამო, ხელისუფლებას გამოსავლად სთავაზობს მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას და ადგილობრივი არჩევნების პარალელურად პლებისციტის ჩატარებას. ოპოზიციური პარტიების განცხადებითვე, ხელისუფლებამ უნდა გამოთქვას მზადყოფნა, რათა ე.წ. გაუნაწილებელი მანდატების საკითხში გადაწყვეტილება მიღებული იყოს მოლაპარაკებაში ჩართულ სუბიექტებთან კონსენსუსის შესაბამისად, ოპოზიცია კი მზად არის „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება სუფთა ფურცლიდან აწარმოოს საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტზე. „ამ პირობების დაცვის გარეშე მოლაპარაკება არ მოემსახურება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის მიზანს, შექმნის კონსენსუსის იმიტაციას და სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას შესაძლებლობას მისცემს საკუთარი სურვილისამებრ, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად განახორციელოს კონსტიტუციური ცვლილებები“ - ნათქვამია განცხადებაში. მას ხელს აწერენ „ახალი საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ და „საქართველოს დემოკრატიული პარტია“.

XS
SM
MD
LG