Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ მეარაყიშვილი მის დაკავებას დაშინების მცდელობად აფასებს


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურიდან მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი. მას ბრალად დასდეს ცილისწამება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის, „ედინაია ოსეტია“-ს მიმართ. თამარ მეარაყიშვილი 16 აგვისტოს, ახალგორში დააკავა ადგილობრივი პროკურატურის თანამშრომელმა, რომელმაც დაკავების მიზეზი არ განუმარტა. დაკავებისას მეარაყიშვილმა შეძლო, ტელეფონით დაკავშირებოდა რადიო თავისუფლების „ეხო კავკაზას“ პროექტის კორესპონდენტს და მომხდარი ფაქტი აცნობა. სამოქალაქო აქტივისტმა, რომელიც ამჟამად ახალგორში, თავის სახლში იმყოფება, რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს დღეს უთხრა, რომ ცხინვალში გადაყვანის შემდეგ მას დარეკვის უფლება აღარ მისცეს. „ვითომ, პარტია ედინაია ოსეტიას ცილისწამება დამიმტკიცდა, მაგრამ სახლში მიტარებდნენ ჩხრეკას და, რომ ვიკითხე, რას ემსახურებოდა, მითხრეს, ამის ნივთმტკიცებები უნდა მოვძებნოთო. ესე იგი, თუ ვინმეს ცილი დავწამე, ამის ნივთმტკიცებები ჩემს სახლში უნდა მოეძებნათ“ - თქვა მეარაყიშვილმა. ამასთან, აქტივისტის თქმით, დაკითხვისას მას უხსენეს ახალგორში 2015 წელს მოკლული დავით ბაშარული და სხვა ფაქტები, რომელთა შესახებაც ის ყოველთვის საჯაროდ საუბრობს. სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, ის ამჟამად ეძებს ადვოკატს და მასთან ერთად ცხინვალის პროკურატურაში დაკითხვის გასაგრძელებლად 18 აგვისტოს უნდა გამოცხადდეს.

XS
SM
MD
LG