Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში ეძებენ პირს, რომელიც ბარსელონაში მანქანით დაეჯახა გამვლელებს და 13 კაცი მოკლა


ესპანეთში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც სავარაუდო ისლამისტი ექსტრემისტი ბარსელონაში მიკროავტობუსით დაეჯახა გამვლელებს და 13 ადამიანი მოკლა, ვიდრე მიმალვას შეძლებდა. პოლიციის ვარაუდით, ეს იყო მხოლოდ ერთ-ერთი თავდასხმა რამდენიმე დაგეგმილიდან. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ბარსელონიდან მიმართა თანამემამულეებს და დაზარალებულებს. „მინდა, მთელი ესპანეთის სახელით, სოლიდარობა გამოვუცხადო ბარსელონას, რომელსაც ჯიჰადისტების ტერორიზმი დაატყდა თავს, როგორც მანამდე მსოფლიოს სხვა ქალაქებს. მთელი ესპანეთი განიცდის იმას, რასაც აქ, ბარსელონაში განიცდიან“, - განაცხადა რახოიმ. იუწყებიან ასევე, რომ პოლიციამ 18 აგვისტოს დააკავა უკვე მესამე ეჭვმიტანილი - ნათელი არ არის, საქმე მიკროავტობუსის მძღოლს ეხება, თუ არა. მანამდე, 17 აგვისტოს პოლიციამ დააკავა ორი მამაკაცი: ერთი მაროკოელი, და ერთიც ჩრდილოეთ აფრიკაში ესპანეთის კუთვნილი მელილიდან. ასევე 17 აგვისტოს, პოლიციელებმა ბარსელონის სამხრეთით მდებარე ქალაქ კამბრილსში მოკლეს ხუთი თავდამსხმელი, რომელიც აფეთქებების მოწყობას აპირებდა. კამბრილსში ექვსი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაშავდნენ, როცა თავდამსხმელები მათ ავტომანქანით დაეჯახნენ. ამის შემდეგ, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს თავდამსხმელები და მოაწყეს მათი აღჭურვილობის მიზანმიმართული აფეთქება. პოლიცია აცხადებს, რომ კამბრილსის ინციდენტი კავშირშია ბარსელონაში მიკროავტობუსით მოწყობილ თავდასხმასთან. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ბარსელონაში, ტურისტებით სავსე ლას რამბლასის ბულვარზე. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი და შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

XS
SM
MD
LG