Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერჯერობით ვერ ხერხდება სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის სრულად ჩაქრობა


ხანძრის კერების ჩაქრობა გრძელდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან. მთის ფერდობზე ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია და დარჩენილია ცეცხლის მცირე კერები. მათ ჩასაქრობად მუშაობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და თბილისიდან მობილიზებული 200-მდე მეხანძრე-მაშველი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ დღეს, 12 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ხუთ ჰექტარზე მოედო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარ ტერიტორიას. სატყეო სააგენტოს ცნობითვე, დამწვარია ძველი ნახანძრალი ხე-ტყე და ბუჩქნარი, თუმცა ტყის მასივზე ცეცხლი არ გავრცელებულა. მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო ავტომანქანებით მისასვლელი გზის გაწმენდა. მეხანძრე-მაშველებს დახმარებას უწევენ ადგილობრივი მოსახლეობა, მოხალისეები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. სააგენტოს ხელმძღვანელმა, თორნიკე გვაზავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცეცხლის სრულად ჩაქრობა სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოხერხდება. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი. მისი განცხადებით, რთული რელიეფის და წუხანდელი ქარის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ეფექტურად იმუშავეს. მღებრიშვილი ვარაუდობს, რომ რამდენიმე საათში შესაძლებელი იქნება ხანძრის სრულად ჩაქრობა.

XS
SM
MD
LG