Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აშშ-ის დიპლომატიურმა მისიამ შეწყვიტა სავიზო მოქმედებები, რომლებიც მიგრაციას არ უკავშირდება


აშშ აცხადებს, რომ 23 აგვისტოდან რუსეთის მასშტაბით მისი დიპლომატიური მისია წყვეტს „ყველა სავიზო მოქმედებას, რომლებიც არ უკავშირდება მიგრაციას“, იმ შეზღუდვის გამო, რომელიც რუსეთმა დაუწესა აშშ-ის დიპლომატთა რაოდენობას. რუსეთში აშშ-ის საელჩო ამ განცხადებით გამოვიდა 21 აგვისტოს. განცხადების თანახმად, სავიზო მოქმედებები „მნიშვნელოვნად შემცირებული მასშტაბით“ განახლდება 1 სექტემბრიდან და გასაუბრებები, რომლებიც არ უკავშირდება მიგრაციის საკითხებს, ჩატარდება მხოლოდ მოსკოვში. სანკტ-პეტერბურგში, ეკატერინბურგში და ვლადივოსტოკში, აშშ-ის საკონსულოებში სავიზო მოქმედებები „შეწყვეტილი იქნება განუსაზღვრელი ვადით“, ვკითხულობთ ტექსტში. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის გადაწყვეტილება შეემცირებინა აშშ-ის დიპლომატიური მისია ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის სწრაფვას უკეთესი ურთიერთობებისკენ. აშშ-ის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი - მისი თქმით, სავიზო მოქმედებების შეზღუდვა მიზნად ისახავს რუსეთის მოსახლეობაში მათი მთავრობით უკმაყოფილების გაზრდას: „ჩვენი პირველი შთაბეჭდილებაა, რომ ამ გადაწყვეტილებების ამერიკელმა ავტორებმა წამოიწყეს მორიგი მცდელობა რუსეთის მოქალაქეებში უკმაყოფილების გამოწვევისა რუსეთის მთავრობის მოქმედებებით. ეს ნაცნობი ლოგიკაა - ეს არის მათი ლოგიკა, ვინც ორგანიზებას უწევს ფერად რევოლუციებს და ეს არის ობამას ადმინისტრაციის ინერცია, სუფთა სახით“ - განაცხადა ლავროვმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასულ თვეში მიმართა აშშ-ს, რომ მან დაახლოებით 1200 თანამშრომლიდან 755 უნდა შეამციროს - მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ახალი მკაცრი კანონი, რომელმაც გაამყარა მოსკოვისთვის დაწესებული სანქციები, უკრაინაში განხორციელებული აგრესიის და იმ ცნობების გამო, რომ რუსეთი ჩაერია 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG