Accessibility links

ავღანეთის ლიდერი და ნატო აქებენ დონალდ ტრამპის ახალ სტრატეგიას


დონალდ ტრამპი

ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი მიესალა მისი ქვეყნის მიმართ შეერთებული შტატების „სტაბილურ მხარდაჭერას“ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა ახალი სტრატეგია ავღანეთთან მიმართებით. 22 აგვისტოს განცხადებით, აშრაფ ღანმა მადლობა გადაუხადა ტრამპსა და ამერიკელ ხალხს ტერორიზმის საფრთხისაგან რეგიონის გასათავისუფლებლად ბრძოლაში ავღანეთის დახმარებისათვის. 21 აგვისტოს ვაშინგტონის მახლობლად, ფორტ მაიერის სამხედრო ბაზაზე გამოსვლისას, ტრამპმა უკან დაიხია წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული დაპირებიდან, რომ ბოლოს მოუღებდა ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო მისიას. როგორც ტრამპმა აღიარა, მან პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ გაიაზრა, რომ „ავღანეთიდან შეერთებული შტატების წასვლა დაუშვებელია“. ასეთი ნაბიჯი, ტრამპის განცხადებით, შექმნიდა ვაკუუმს, რომელსაც ტერორისტები შეავსებენ, როგორც ეს ერაყში მოხდა. ავღანეთში ახალი სტრატეგიით განსაზღვრული მიზანია თალიბებთან ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების მოპოვება. „ჩვენ არ ვისაუბრებთ ჯარისკაცების რიცხვზე, ან მომდევნო სამხედრო ოპერაციებზე. ჩვენს სტრატეგიას ამიერიდან განსაზღვრავს ადგილზე არსებული ვითარება და არა თვითნებურად დადგენილი ვადები. ამერიკის მტრებმა არასოდეს უნდა იცოდნენ, როგორია ჩვენი გეგმები, ან ჩათვალონ, რომ შეუძლიათ დაელოდონ, როდის დავიხევთ უკან. არ ვიტყვი, როდის განვახორციელებთ იერიშს, მაგრამ იერიში იქნება!“ - განაცხადა ტრამპმა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, აშშ-ის კონტინგენტს რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე დაემატება. ტრამპის გამოსვლა შეაქო ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმაც. კერძოდ, მან დადებითად შეაფასა ავღანეთისა და რეგიონის მიმართ ვაშინგტონის ახალი მიდგომა, რომელიც განისაზღვრება ადგილზე წარმოქმნილი პირობების გათვალისწინებით და არა წინასწარ დადგენილი ვადებით.

XS
SM
MD
LG