Accessibility links

24-საათიანი რეჟიმით გრძელდება ბორჯომის ხეობაში, 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია


24-საათიანი რეჟიმით გრძელდება ბორჯომის ხეობაში, 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი საგრძნობლად შემცირდა, თუმცა რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის განმავლობაში, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, კვლავ საგანგებო რეჟიმით მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ეროვნული სატყეო სააგენტოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. საგანგებო შტაბის ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფებიან და ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც. დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა, მათგან ორი თურქეთმა, ერთი კი აზერბაიჯანმა გამოგზავნა. ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში მონაწილეობს თურქეთის კუთვნილი სპეციალური თვითმფრინავიც. დღეს ოპერაციაში ჩაერთო ბელორუსიის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს МИ-26 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც წყლის მრავალტონიანი ავზითაა აღჭურვილი. სააგენტო ინტერპრესნიუსი საგანგებო შტაბის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს გერმანიამ, რუმინეთმა, საბერძნეთმა და ისრაელმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG