Accessibility links

ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო 24-საათიანი რეჟიმით განაგრძობს ადგილზე მუშაობას საგანგებო შტაბი


ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო 24-საათიანი რეჟიმით განაგრძობს ადგილზე მუშაობას საგანგებო შტაბი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. მან დღეს დილით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წუხანდელი ღამე ძალიან რთული იყო, თუმცა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. „ღამის განმავლობაში ტყეში გაჭრილია სამ კილომეტრამდე ახალი გზა. სულ ამ დღეების განმავლობაში 12 კილომეტრამდე გზაა გაჭრილი. მოხდა ცეცხლის აქტიური კერების გამიჯვნა ჯანმრთელი ტყისგან და, პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, დღის განმავლობაში ცოცხალი ძალით და ავიაციით გაგრძელდება ხანძრის აქტიური კერების დამუშავება. პრემიერ-მინისტრმა დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთს და ბელორუსიას და იმ ქვეყნებს, რომლებმაც დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს. მათ შორის არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ისრაელი, საბერძნეთი, უკრაინა, ბულგარეთი და ირანი. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სურს შეეხოს რუსეთის მიერ გამოთქმულ მზადყოფნას, რომელიც აქტიური განხილვის საგნად იქცა. „ჩვენ გაგვაჩნია პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის წინაშე და სწორედ პასუხისმგებლობის ამ მაღალი ხარისხიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ იმ პირობებში, როცა ჩვენ გაგვაჩნია ძალიან რთული ურთიერთობა რუსეთთან, ასეთი წინადადება მისასალმებელია“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG