Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წუხელ სოფელ არდაგანთან ვითარება საკმაოდ გართულდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წუხელ ბორჯომის ხეობაში, სოფელ არდაგანთან ვითარება საკმაოდ გართულდა, თუმცა, ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხერხდა საფრთხის თავიდან აცილება. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ხანძრის ყველა ზონაში მიღებულია პრევენციული ზომები და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ,,უკვე მეოთხე დღეა, მიუხედავად სიტუაციის პერიოდული გაუარესებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება ოპერაციაში სამხედროების ჩართვას, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ცეცხლის ყველა ზონასთან გზების გაყვანის შემდეგ დადგა უფრო მეტი, ორგანიზებული ცოცხალი ძალის საჭიროება, ამიტომ 24 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება საჯარისო ნაწილის ჩართვის შესახებ. „უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და ვფიქრობთ, რომ დღის ბოლოს გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი შეფასებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება სიტუაციის გარდატეხვა, რის შემდეგაც დაიწყება ცეცხლის საბოლოოდ ჩაქრობის ეტაპი. ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG