Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სასამართლო გადაწყვეტს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან დაკავებული პირების მიმართ სასჯელის რა ფორმას


აქცია საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან
აქცია საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს გადაწყვეტს ადმინისტრაციული სასჯელის რა ფორმას გამოიყენებს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან 24 აგვისტოს, საღამოს დაკავებული პირების მიმართ. შსს-ს ინფორმაციით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 10 პირია დაკავებული. მათ შორის არიან რკინიგზის ახალი პროფკავშირების და მოძრაობის, „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები. რკინიგზის დეპარტამენტთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოშიმშილეთა მხარდასაჭერად გამართული აქციის რამდენიმე მონაწილემ სცადა დეპარტამენტის შენობაში შესვლა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებს აქცია შენობაში გაეგრძელებინათ. დემონსტრანტებს სამართალდამცავებმა არ მისცეს შენობაში შესვლის უფლება, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან შიმშილობის აქცია 15 აგვისტოს დაიწყო. თავდაპირველად მასში მონაწილეობდა ორი თანამშრომელი, რომლებიც სამუშაოდ გურჯაანიდან მარნეულში გადაყვანის გამო მოითხოვდნენ ტრანსპორტითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას. რკინიგზის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს აჩვენეს საცხოვრებელი, რომელსაც თანამშრომლებს სთავაზობდნენ და განაცხადეს, რომ გაფიცულების მოთხოვნა შესრულებულია და მათ მუშაობის განახლება შეუძლიათ. ერთმა რკინიგზელმა შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა, აქციას შეუერთდნენ დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები. პროფკავშირების ინფორმაციით, ამ დროისთვის აქციაში მონაწილეობს 14 ადამიანი. ისინი მოითხოვენ, რომ შესრულდეს თანამშრომელთა პირობების გასაუმჯობესებლად წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები და თანამდებობები დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ვასილ ხორავამ. თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ პროფკავშირების ლიდერები სიტუაციას ხელოვნურად ამწვავებენ.

XS
SM
MD
LG