Accessibility links

სააკაშვილი საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს მორიგ ბრალდებას უყენებს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბრამდე ახალი ბრალდების წარდგენას ელოდება,- ინფორმაცია ამის შესახებ მან საკუთარი „ფეისბუქის“ საშუალებით გაავრცელა. სააკაშვილი „ბარიგებად“ მოიხსენიებს უკრაინის ხელისუფლებას, რომელთან კოორდინაციით თბილისი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისათვის ამზადებს ახალ ბრალდებას, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ეხება. „სახელმწიფო გადატრიალება - ეს არის სუფთა პოლიტიკური მუხლი, რომელიც იმდენად სასაცილოა, რომ არავის დარჩება ეჭვი, რომ ყველა საქმე შეთითხნილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა საშუალება გამოსადეგია“, - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი. უფრო ადრე, 16 აგვისტოს სააკაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში თქვა, რომ 10 სექტემბერს ჩავა პოლონეთიდან უკრაინაში, კერძოდ ლვოვის რეგიონში, კრაკოვეცის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. ივლისის ბოლოს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, როცა ის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 18 აგვისტოს გამოაცხადა, რომ თანამშრომლობს უკრაინის ხელისუფლებასთან სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხში. საქართველოში სააკაშვილს წაყენებული აქვს პარლამენტის წევრის ცემის, ოთხ მილიონამდე დოლარის გაფლანგვის, 2007 წლის მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასთან დაკავშირებული ბრალდებები. სანამ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, კიევს არაერთხელ უთქვამს უარი საქართველოში მის ექსტრადიციაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG