Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციოდ საქართველოს თურქეთისა და უკრაინის ავიაცია დაეხმარება


აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს თურქეთისა და უკრაინის ავიაცია დაეხმარება. საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუჩქუს განცხადებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში დღის მეორე ნახევარში შემოვა თურქეთის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. რაც შეეხება უკრაინას, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, უკრაინამ საქართველოში რვა ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, ოფიციალურ საიტზე საქართველოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინის თვითმფრინავის გამოგზავნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავს გააგზავნის. საქართველოში თვითმფრინავის გამოგზავნის თაობაზე გუშინ შეთანხმდნენ სატელეფონო საუბრისას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

შს მინისტრის განცხადებით, საქართველომ სხვა ქვეყნებსაც მიმართა აბასთუმანში ხანძრის ლოკალიზებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ მათ შორის რუსეთი არ არის. აბასთუმნის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მოხალისეებიც მონაწილეობენ. შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ღამის განმავლობაში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს. როგორც მღებრიშვილმა აბასთუმანში ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 1000-მდე ადამიანის შემადგენლობით ცოცხალი ძალა, თუმცა დამატებით ბრიგადებს ელოდებიან. გიორგი მღებრიშვილის თქმით, სრულ კოორდინაციაშია ყველა სახელმწიფო უწყება, ვისაც ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა ხელეწიფება. „ასევე გამართული გვაქვს კავშირგაბმულობის სისტემა, ვინაიდან შიგნით ტყეში მობილური კავშირი არ არის, ძალიან გართულებულია და, პრაქტიკულად, არ იჭერს ტელეფონები, მაგრამ ჩვენ რაციების საშუალებით ვუკავშირდებით ერთმანეთს და მთელი სისტემა აწყობილია. ხდება წყლის უწყვეტი მიწოდება ტყეში. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, დღის მეორე ნახევრამდე კონკრეტულ შედეგებს დავდებთ“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრშია, აქედან გამომდინარე, მოსახლეობაზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს.

XS
SM
MD
LG