Accessibility links

აზერბაიჯანის მთავრობა უარყოფს საერთაშორისო გამოძიების ცნობებს საიდუმლო ფონდის არსებობის შესახებ


აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მთავრობამ უარყო საერთაშორისო გამოძიების მიერ გავრცელებული ცნობა, რომ ამ ქვეყნის ელიტა ორი წლის განმავლობაში იყენებდა 2,8-მილიარდოლარიან საიდუმლო ფონდს, ევროპელი პოლიტიკოსების მოქრთამვის, ფუფუნების საგნების შეძენის და ფულის გათეთრების მიზნით. „არც პრეზიდენტს და არც მის ოჯახის წევრებს არავითარი კავშირი არ აქვთ ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის ანგარიშში მოტანილ ბრალდებებთან“ - ვკითხულობთ პრეზიდენტის ოფისის მიერ 5 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. საიდუმლო ფონდის შესახებ ინფორმაცია 4 სექტემბერს გამოქვეყნებული საგამოძიებო ანგარიშით გაავრცელა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტმა. გამოძიების თანახმად, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული ოთხი კომპანიის მეშვეობით ათასობით ფულადი გადარიცხვა განხორციელდა ევროპელი პოლიტიკოსებისა და იმ პირების ანგარიშებზე, ვინც სხვადასხვა სახის სამსახურს უწევდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მთავრობას. ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობდა ევროპის, რუსეთისა და აშშ-ის რამდენიმე საინფორმაციო საშუალება. ანგარიშის თანახმად, ფულის მიმღებ პირებს, შესაძლოა, არ სცოდნოდათ, საიდან მისდიოდათ თანხები. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საიდუმლო ფონდი ორ წელიწადს მოქმედებდა და 2014 წელს შეწყვიტა არსებობა. ანგარიშის თანახმად, ფულის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს თანხები უშუალო კავშირშია პრეზიდენტ ალიევის ოჯახთან.

XS
SM
MD
LG