Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია აცხადებს, რომ ისრაელის ავიაციამ მისი სამხედრო ობიექტი დაბომბა


სირიის არმია აცხადებს, რომ ისრაელის ავიაციამ დაბომბა მისი ობიექტი, რომელიც ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია განთავსებული. სამხედრო უწყების მიერ 7 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით, ლიბანის საჰაერო სივრციდან გამოშვებულმა რამდენიმე რაკეტამ მიზანში ამოიღო ქალაქ მასიაფთან მდებარე ობიექტი, მოკლა ორი ადამიანი და გამოიწვია მატერიალური ზარალი. განცხადებაში ასევე გამოთქმულია გაფრთხილება, რომ ამ „აგრესიულმა მოქმედებამ შესაძლოა სახიფათო გავლენა იქონიოს რეგიონის უსაფრთხოებაზე და სტაბილურობაზე“. ისრაელს, რომელსაც წარსულშიც აქვს სირიაზე მიტანილი საჰაერო იერიშები, ამ მოვლენებზე განცხადება არ გაუვრცელებია. ქალაქი მასიაფი 60-მდე კილომეტრითაა მოშორებული სანაპირო ქალაქ ტარტუსს, სადაც რუსეთს სამხედრო ობიექტი აქვს. ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია აცხადებს, რომ ისრაელის შეტევის სამიზნე იყო სირიის სამეცნიერო და კვლევითი უწყება. აშშ ამ უწყებას ადანაშაულებს მომწამვლელი გაზის, ზარინის შემცველი იარაღის შემუშავებაში, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, აპრილში გამოიყენეს მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქში. 6 სექტემბერს გაეროს გამომძიებლებმა გაავრცელეს დასკვნა, რომ ეს თავდასხმა, რომელსაც სულ მცირე 83 ადამიანი ემსხვერპლა, სირიის მთავრობის ძალების მიერ იყო მოწყობილი.

XS
SM
MD
LG