Accessibility links

უკრაინელმა მესაზღვრეებმა გაამკაცრეს კონტროლი „კრაკოვეცის“ გამშვებ პუნქტზე


უკრაინის სასაზღვრო სამსახური აფრთხილებს მოგზაურებს, რომ 9-12 სექტემბრამდე არ გადაკვეთონ საზღვარი პოლონეთ-უკრაინის დამაკავშირებელ „კრაკოვეცის“ გამშვები პუნქტის გავლით, რომლითაც 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნება დააანონსა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა. „შესაძლო უხერხული ვითარების თავიდან აცილების მიზნით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური გირჩევთ, რომ აირჩიოთ მოძრაობის სხვა მარშრუტი“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში, რომელსაც „უკრაინსკია პრავდა“ ავრცელებს. ცნობილია ისიც, რომ გამშვებს პუნქტს შემოავლეს მავთულხლართები და გააძლიერეს მესაზღვრეთა მორიგეობა, რათა არ დაუშვან პროვოკაციები სასაზღვრო ზონაში, სადაც მიხეილ სააკაშვილის დასახვედრად მშვიდობიანი აქცია გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილის დახვედრას აპირებენ ფრაქცია „სამოპომოჩის“ წევრი დეპუტატები და „დემოკრატიული ალიანსის“ წარმომადგენლები. უკრაინელმა მესაზღვრეებმა ადრე განაცხადეს, რომ არ აპირებენ სააკაშვილის შეშვებას უკრაინაში, რადგან პოლიტიკოსის უკრაინული პასპორტი უკვე ვადაგასულია. 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ხოლო 5 სექტემბერს უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მესამედ მიიღო თხოვნა საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან, სააკაშვილის დაპატიმრებისა და ექსტრადიციის თაობაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG