Accessibility links

უკრაინის პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი წარმოება მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ


მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრს გადაკვეთის შემდეგ

უკრაინის პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლებრივი წარმოება ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ წინასასამართლო გამოძიების ერთიან რეესტრში შეიტანა მონაცემები სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შესახებ. კერძოდ, საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე პირთა უკანონოდ გადასვლას, რაც ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, 10 სექტემბერს გაემგზავრა პოლონეთიდან უკრაინაში. მისმა მხარდამჭერებმა შეგინის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაარღვიეს მესაზღვრეების კორდონი და მიხეილ სააკაშვილმა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეძლო უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტისას დაშავდა 11 პოლიციელი და 5 მესაზღვრე. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა გასული ღამე გაატარა ქალაქ ლვოვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასტუმროში, მანამდე კი ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ საპასპორტო კონტროლის გარეშე უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მიუხედავად, იურიდიულად არაფერი დაურღვევია. სააკაშვილის თქმით, ის საზღვარზე ხელში ატაცებული გადაიყვანეს და ეს უკრაინელმა ხალხმა გააკეთა. ქალაქ ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ ტელეკომპანია NewsOne-ს განუცხადა, რომ დღეს, 11 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილი თანამოაზრეებთან ერთად აპირებს კიევში გამგზავრებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG