Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არსენ ავაქოვი: პროვოკაცია შედგა, თუმცა საბედნიეროდ, სისხლის გარეშე


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაქოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და სხვა პირები, რომლებმაც 10 სექტემბერს საზღვარი დაარღვიეს, დაუყოვნებლივ უნდა მივიდნენ შეგინის გამშვებ პუნქტზე, ან მიგრაციის სამსახურში და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის პროცედურა გაიარონ. არსენ ავაქოვმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პროვოკაცია შედგა, თუმცა საბედნიეროდ, სისხლის გარეშე. უკრაინის შს მინისტრის განცხადებით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე. ავაქოვი აღნიშნავს, რომ პოლიციაში ჩვენების მისაცემად უნდა მივიდეს ინციდენტის ყველა მონაწილე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის თანმხლები უკრაინელი დეპუტატები. არსენ ავაქოვის მტკიცებით, ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინელი პოლიციელები და მესაზღვრეები პოლიტიკური პროცესიდან გაეყვანა, მათ იარაღის გამოყენება აუკრძალა და ყველა საშუალებით სცადა პროვოკაციის თავიდან აცილება. ავაქოვის ინფორმაციით, 10 სექტემბერს, დღის განმავლობაში დააკავეს და დაბლოკეს სპორტული აღნაგობის რამდენიმე ათეული პირი, რომლებიც საზღვარზე არეულობის მოსაწყობად მიდიოდნენ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა და მის დამცველ მესაზღვრეებზე თავდასხმა სიბნელეა და აქ საქმე ეხება არა კონკრეტულ პირებს და კონფლიქტის არსს, არამედ ინსტიტუტების ნგრევის და სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტის შერყევის მცდელობას. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ვოლოდიმირ გროისმანის განცხადებით, ქვეყნის საზღვარზე 10 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი იყო არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ ზოგიერთი პოლიტიკოსის ახალი შეტევა უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე. გროისმანის თქმით, პასუხი განსაკუთრებული სიმკაცრით უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებმაც ხელი აღმართეს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დამცველებზე.

XS
SM
MD
LG