Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიციას ადანაშაულებს მისი პასპორტის მოპარვაში


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიციას ადანაშაულებს მისი პასპორტის მოპარვაში. უკრაინის ქალაქ ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ, როცა პოლონეთ-უკრაინის საზღვარს კვეთდა, პასპორტი ავტობუსში დატოვა. „მოვიდა პოლიცია, გაჩხრიკა ავტობუსი და მოიპარა ჩემი პასპორტი. პასპორტი ახლა მათთან არისო“, - განაცხადა სააკაშვილმა. უკრაინიდან იუწყებიან, რომ ეს ბრალდება უარყო პოლიციამ. სააკაშვილი 10 სექტემბერს, თავის მომხრეებთან ერთად, საპასპორტო კონტროლის გარეშე შევიდა პოლონეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სისხლის სამართლებრივი წარმოება სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს „დანაშაული“ უწოდა საპასპორტო კონტროლის გარეშე უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას. ის სააკაშვილს ურჩევს, მიმართოს უკრაინის სასამართლოს, ან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, თუ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. „გავიდა თვენახევარზე მეტი - სასამართლოსათვის არავის მიუმართავს! ამის ნაცვლად დანაშაული იქნა ჩადენილი, რადგან არსებობს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის კონსტიტუციური პრინციპი. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი - ჩემთვის სულერთია, ვინ არღვევს საზღვარს: მეამბოხეები აღმოსავლეთში, თუ პოლიტიკანები დასავლეთში. უნდა არსებობდეს მკაფიო იურიდიული პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პოროშენკომ 11 სექტემბერს კიევში გამართულ თათბირზე. სამინისტრო აცხადებს ასევე, რომ სააკაშვილის მომხრეებმა წამოიწყეს ჩხუბი, რომელშიც 11 პოლიციელი დაშავდა. სააკაშვილი ახლა აპირებს, უკრაინიდანვე გააგრძელოს ბრძოლა ქვეყნის მოქალაქეობის აღსადგენად. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც 11 სექტემბერს გაავრცელა პრესასთან ურთიერთობის საკითხებში სააკაშვილის წარმომადგენელმა.

XS
SM
MD
LG