Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი "ბოლომდე ბრძოლას" აპირებს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს და 10 სექტემბერს, თავის მომხრეებთან ერთად, საპასპორტო კონტროლის გარეშე შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე, აცხადებს, რომ ბოლომდე აპირებს ბრძოლას: „არასოდეს გავჩერდები, არასოდეს შევწყვეტ ბრძოლას, არასოდეს დავიხევ უკან, ბოლომდე ვიბრძოლებ! მე ჩემთვის არ ვიბრძვი. ვებრძვი აულაგმავ კორუფციას, იმ ფაქტს, რომ ოლიგარქები კვლავ მთლიანად აკონტროლებენ უკრაინას, იმ ფაქტს, რომ მაიდანს უღალატეს, იმ ფაქტს, რომ ადამიანებს ამცირებენ“,- განაცხადა სააკაშვილმა 11 სექტემბერს ლვოვში გამართულ ბრიფინგზე. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს სისხლის სამართლებრივი წარმოება სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ფაქტზე. თავის მხრივ, სააკაშვილმა უკრაინის პოლიცია დაადანაშაულა მისი პასპორტის მოპარვაში. ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ, როცა პოლონეთ-უკრაინის საზღვარს კვეთდა, პასპორტი ავტობუსში დატოვა. მოვიდა პოლიცია, გაჩხრიკა ავტობუსი და მოიპარა ჩემი პასპორტი. პასპორტი ახლა მათთან არისო, - განაცხადა სააკაშვილმა. უკრაინიდან იუწყებიან, რომ ეს ბრალდება უკვე უარყო პოლიციამ. ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „დანაშაული“ უწოდა საპასპორტო კონტროლის გარეშე სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას. ის სააკაშვილს ურჩევს, მიმართოს უკრაინის სასამართლოს, ან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, თუ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. 11 სექტემბერს გავრცელდა ასევე ცნობა, რომ სააკაშვილი აპირებს, უკრაინიდანვე გააგრძელოს ბრძოლა ქვეყნის მოქალაქეობის აღსადგენად. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც 11 სექტემბერს გაავრცელა პრესასთან ურთიერთობის საკითხებში სააკაშვილის წარმომადგენელმა. ტექსტში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ როგორც უკრაინის, ისე საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როცა სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და ის, ფაქტობრივად, “მოქალაქეობის არმქონე პირად“ აქცია.

XS
SM
MD
LG