Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილს გააცნეს ოქმი სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ


უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ქალაქ ლვოვის სასტუმრო „ლეოპოლისთან“ წაუკითხა ადმინისტრაციული ოქმი სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ. თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კანონის თანახმად, მისთვის ოქმი უნდა გადაეცათ სავარაუდო დარღვევიდან სამი საათის განმავლობაში, ამიტომ სასაზღვრო სამსახურის დღევანდელი ქმედება უკანონოა. მესაზღვრის შეკითხვას, შეუძლია თუ არა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ უკრაინის პასპორტი, რომელიც 10 სექტემბერს მოპარეს, ამჟამად პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს კაბინეტშია. ლვოვში, 11 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ 10 სექტემბერს უკრაინელ მესაზღვრეებს უჩვენა პასპორტი, რომელიც არ გამოართვეს, მას შემდეგ კი რაც ხალხმა ხელში აიტაცა და უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანა, ავტობუსში დატოვებული პასპორტი პოლიციამ მოიპარა. მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება უარყო ლვოვის ოლქის პოლიციამ. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ივლისში ჩამოართვა, პოლონეთიდან უკრაინაში 10 სექტემბერს გაემგზავრა. მისმა მხარდამჭერებმა „შეგინის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაარღვიეს მესაზღვრეების კორდონი და მიხეილ სააკაშვილმა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეძლო უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტისას დაშავდა 11 პოლიციელი და 5 მესაზღვრე. 10 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, რომელიც ითვალისწინებს საზღვარზე პირთა უკანონოდ გადასვლას და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

XS
SM
MD
LG