Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა ახალი სანქციები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ


გაეროს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ ჩაატარა რიგით მეექვსე, ყველაზე მძლავრი ბირთვული გამოცდა. ახალი სანქციები ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეიდან საფეიქრო ნაწარმის ექსპორტის აკრძალვასა და ქვეყნისათვის ნედლი ნავთობის მიწოდების შეზღუდვას. სანქციების დამტკიცება დადებითად შეაფასა გაეროში სამხრეთ კორეის ელჩმა, ჩო ტაე-იულმა: „ჩვენი აზრით, ეს ზომები, თუ სრულად განხორციელდება, მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჩრდილოეთ კორეის უნარს, გააგრძელოს ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა. ამავე დროს რეზოლუცია ფხენიანს უგზავნის მკაფიო მესიჯს, რომ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს!“ გაეროს უშიშროების საბჭომ 2006 წლის შემდეგ მიიღო უკვე მეცხრე რეზოლუცია ფხენიანის მიმართ სანქციებზე ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამის გამო. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან დიპლომატების განცხადებებზე დაყრდნობით, რეზოლუციის ინიციატორმა, შეერთებულმა შტატებმა რეზოლუციის პროექტი შეარბილა, რათა მოეპოვებინა მის მიმართ რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერა. მანამდე ეს ორი ქვეყანა ახალი სანქციების წინააღმდეგ გამოდიოდა, რადგან შეერთებული შტატები მოითხოვდა, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეისთვის ნავთობის მიწოდების მთლიანად აკრძალვას.

XS
SM
MD
LG