Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გოლოსს" ხელთ აქვს ინფორმაცია რუსეთის ადგილობრივ არჩევნებზე დარღვევების შესახებ


რუსეთში არჩევნების მეთვალყურე დამოუკიდებელი ჯგუფი, „გოლოსი“ აცხადებს, რომ 10 სექტემბრის არჩევნებში ელექტორატის დაბალი აქტივობის მიზეზი იყო „შეჯიბრებითობის დაბალი ხარისხი და საარჩევნო პროცესის მიმართ ამომრჩევლების უნდობლობა“. როგორც „გოლოსი“ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, მას მთელი რიგი საარჩევნო უბნებიდან აქვს მიღებული კენჭისყრის გაყალბების ამსახველი ცნობები, მათ შორის ინფორმაცია საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრაზე, ამომრჩევლების მოსყიდვაზე, მეთვალყურეების, საარჩევნო კომისიის წევრების, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევაზე. 10 სექტემბერის ადგილობრივი არჩევნების შედეგებით, რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთი“ დამაჯერებლად ლიდერობს. ამ პარტიის კანდიდატებმა და კრემლის მოკავშირეებმა გაიმარჯვეს იმ 15-ვე რეგიონის გუბერნატორების არჩევნებში, რომლებზეც 10 სექტემბრის კენჭისყრა ვრცელდებოდა. მაგრამ ლიბერალრმა ოპოზიციურმა კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს მოსკოვში დეპუტატთა საბჭოების ნაწილში. 10 სექტემბრის ადგილობრივი არჩევნები იყო ბოლო მასშტაბური კენჭისყრა რუსეთში 2018 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

XS
SM
MD
LG