Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი უკრაინაში თავის მიზნად ასახელებს ხელისუფლებაში „ახალი ხალხის“ მოსვლას


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა 12 სექტემბერს ლვოვში განაცხადა, რომ უკრაინაში მისი მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდეს „ახალი ხალხი“, რომელიც „ქვეყანას შეცვლის“. „ჩემი მიზანი არ არის არც უკრაინის პრეზიდენტობა, არც უკრაინის პრემიერ-მინისტრობა. სანამ (პრემიერობას ვლადიმირ) გროისმანს შესთავაზებდნენ, პოროშენკომ მე შემომთავაზა, მე უარი ვთქვი და ამიტომ აღმოჩნდა იქ გროისმანი. მე არა მაქვს ასეთი მიზნები. მაქვს ერთადერთი მიზანი, რომ უკრაინაში ხელისუფლებაში მოვიდეს, ძირითადად, ახალი ხალხი - ხალხი, რომელიც ქვეყანას შეცვლის“, - განაცხადა სააკაშვილმა ლვოვში, სადაც მას ასევე 12 სექტემბერს უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა წაუკითხა ადმინისტრაციული ოქმი სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ. როგორც იუწყებიან, ქალაქ ლვოვში სასტუმრო "ლეოპოლისის" წინ, სადაც ჟურნალისტებისა და პარლამენტის წევრების ჯგუფი იმყოფებოდა, სააკაშვილმა ხელი მოაწერა დოკუმენტს და ამით აღიარა „ადმინისტრაციული დარღვევის“ ბრალდება. სააკაშვილი აცხადებს ასევე, რომ კიევში ჩავა რამდენიმე დღეში, ან რამდენიმე კვირაში - მას შემდეგ, რაც მოივლის უკრაინის „ქალაქებსა და სოფლებს“. სააკაშვილი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, 10 სექტემბერს გაემგზავრა პოლონეთიდან უკრაინაში. მისმა მხარდამჭერებმა შეგინის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაარღვიეს მესაზღვრეების კორდონი და სააკაშვილმა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეძლო უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

XS
SM
MD
LG