Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა “ქართველთა მარში” საკანონმდებლო ცვლილებების გასაპროტესტებლად


„ქართველთა მარშის“ მონაწილეები
„ქართველთა მარშის“ მონაწილეები

თბილისში გაიმართა „ქართველთა მარში“, რომლის მონაწილეებიც აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, წევრებს მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების გამო. ცნობების თანახმად, დემონსტრანტებს ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით „კობახიძე, ჩუგოშვილი, თალაკვაძე - სოროსის მონები“. ნაციონალისტთა ამ აქციის მონაწილეები მივიდნენ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისთან, მაგრამ პოლიციამ მათ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ მათ მიაშურეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძის ცენტრალურ საარჩევნო შტაბს. პოლიციამ დააკავა “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლადო სადღობელაშვილი. ცნობების თანახმად, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ცვლილება შეაქვთ საქართველოს კანონში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“. „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ 14 ივლისს მოწყობილ აქციაზე გამოაცხადა, რომ დაიწყო "ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა". 14 ივლისს გამოცხადებულ მოთხოვნებს შორის არის „სასწრაფო წესით იყოს მიღებული ახალი საემიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; ასევე, სასწრაფო წესით იყოს დეპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი, კრიმინალი უცხოელი, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე."

XS
SM
MD
LG