Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა გვიან ღამით დატოვა ლვოვის სასტუმრო „ლეოპოლისი“


ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა გვიან ღამით დატოვა ლვოვის სასტუმრო „ლეოპოლისი“ და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა - ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანიის, 1+1-ის საინფორმაციო სამსახური იუწყება. მისივე ცნობით, ღამით მიხეილ სააკაშვილი, მისი დაცვის წევრები და თანამოაზრეები სასტუმროდან გაემგზავრნენ ბატალიონ „დონბასის“ მიკროავტობუსით და კიდევ რამდენიმე ავტომანქანით, მოგვიანებით კი უკან დაბრუნდნენ, თუმცა, მათ შორის სააკაშვილი აღარ ყოფილა. მისმა პრესმდივანმა, დარია ჩიჟმა ინტერნეტგამოცემას, „უკრაინსკაია პრავდას“ აცნობა, რომ „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი დღეს საღამოს შეხვედრას გამართავს ქალაქ ჩერნოვცის მთავარ მოედანზე. უკრაინის შსს-ს კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორის, არტიომ შევჩენკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მოგზაურობის გამო, სამართალდამცავები დამატებით ზომებს არ მიიღებენ. „ამ პირის თითოეული ნაბიჯის კომენტირებას არ ვაპირებთ, რადგან მისთვის დიდი პატივი იქნებოდა, უბრალოდ, უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი წესრიგი, როგორც ეს ხდება ნებისმიერი მასობრივი თავშეყრის დროს“ - განაცხადა შევჩენკომ. 12 სექტემბერს, უკრაინელმა მესაზღვრეებმა მიხეილ სააკაშვილს ლვოვში გადასცეს ადმინისტრაციული ოქმი სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ და აცნობეს, რომ 18 სექტემბერს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ივლისში ჩამოართვა, პოლონეთიდან უკრაინაში 10 სექტემბერს გაემგზავრა. მისმა მხარდამჭერებმა „შეგინის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გაარღვიეს მესაზღვრეების კორდონი და მიხეილ სააკაშვილმა საპასპორტო კონტროლის გარეშე შეძლო უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტისას დაშავდა 11 პოლიციელი და 5 მესაზღვრე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, რომელიც ითვალისწინებს საზღვარზე პირთა უკანონოდ გადასვლას და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

XS
SM
MD
LG