Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოს აღიარებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში


აშშ საქართველოს აღიარებს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს რეგიონში და მტკიცე პარტნიორს გლობალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში - ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში. ვაშინგტონში, 8 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემაჯამებელი განცხადება დღეს გამოქვეყნდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტებზე. „ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“ - ნათქვამია განცხადებაში. ამერიკულმა მხარემ გამოხატა ღრმა შეშფოთება ე.წ. „ბორდერიზაციის“ და გამშვები პუნქტების დახურვის გამო და კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა 2016 წელს, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელის პასუხისგებაში მიცემის საქმეში. ამავე განცხადების თანახმად, აშშ განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მემორანდუმის ფარგლებში საბრძოლო მზადყოფნისა და მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა სრულად განხორციელდეს ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტი,“ რაც წინ წასწევს ალიანსის წევრობისთვის საქართველოს მზადებას და დაადასტურეს ამ მიზნით დამატებითი თანამშრომლობის საჭიროებაც. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა თანამშრომლობა გააძლიერონ შავი ზღვის უსაფრთხოების მიზნითაც.

XS
SM
MD
LG