Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გახსნის გამოფენას „საქართველო - მეღვინეობის აკვანი."


დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გახსნის გამოფენას, „საქართველო - მეღვინეობის აკვანი." პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის საპატიო მასპინძელი და პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გახსნის მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლს. „იუნესკოს“ მიერ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის“ მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარების გამო, ღვინის ცივილიზაციის ცენტრის მთავარ შესასვლელში განთავსდა საგანგებოდ გამოფენისთვის დამზადებული დიდი ზომის ქვევრი, რომელიც მუდმივ ექსპოზიციაში დარჩება. ბორდოს გამოფენისთვის საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა ექსპოზიცია, რომელიც ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს და ქართული მეღვინეობის 8 000-წლიან ისტორიას ასახავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, მსოფლიოს 7 ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტებმა 3-წლიანი კვლევის შედეგად დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ცოტა ხნის წინ დასრულდა ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტი, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი, ბიოქიმიკოსი და ღვინის ისტორიკოსი პატრიკ მაკგოვერნი ხელმძღვანელობდა. სამეცნიერო ჯგუფი კვლევის შედეგებს 10-11 ოქტომბერს წარმოადგენს ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, ქართული გამოფენის ფარგლებში. გამოფენა, „საქართველო - მეღვინეობის აკვანი" 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG