Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ გამოსცადა საშუალო რადიუსის კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა


ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის ახალი გამოცდის გამო ნიუ-იორკში გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა
ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის ახალი გამოცდის გამო ნიუ-იორკში გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა

ჩრდილოეთმა კორეამ გამოსცადა საშუალო რადიუსის კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა, რომელმაც დაახლოებით 3 ათას 700 კილომეტრის მანძილი დაფარა, იაპონიის კუნძულს, ხოკაიდოს გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა - ამის შესახებ იუწყებიან იაპონიის და სამხრეთ კორეის მთავრობები. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა, იოშიხიდე სუგამ ჩრდილოეთ კორეის მოქმედებას აღმაშფოთებელი პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ტოკიო ყველა აუცილებელ, საპასუხო ზომას მიიღებს. ფხენიანი პროვოკაციების გაგრძელებაში დაადანაშაულა სამხრეთ კორეის მთავრობამაც. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა თავისი პროვოკაციებით ემუქრება ამერიკელების მოკავშირე იაპონელ ხალხს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ტილერსონი აღნიშნავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ფხენიანისთვის უკვე დაწესებული სანქციები არ წარმოადგენს მოქმედების ბოლო ზღვარს და მსოფლიოს სახელმწიფოებმა დამატებითი ზომები უნდა მიიღონ კიმ ჩენ ინის რეჟიმის წინააღმდეგ. რექს ტილერსონის თქმით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების იძულებით შრომას იყენებს, ჩინეთი კი ფხენიანს ნავთობს აწვდის. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთმა და ჩინეთმა დამოუკიდებელი მოქმედებებით უნდა დაამტკიცონ, რომ არ მოითმენენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების უგუნურ გამოცდას. Reuters-ის ინფორმაციით, ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის ახალი გამოცდის გამო, დღეს ნიუ-იორკში გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა. მისი მოწვევა იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა მოითხოვეს.

XS
SM
MD
LG