Accessibility links

ჩინეთმა და რუსეთმა უკუაგდეს აშშ-ის მოწოდება, უფრო „პირდაპირი მოქმედებები“ განახორციელონ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ


ჩინეთმა და რუსეთმა 15 სექტემბერს უკუაგდეს აშშ-ის მოწოდება, უფრო „პირდაპირი მოქმედებები“ განახორციელონ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო გამოცდების აღსაკვეთად. მათი თქმით, ვაშინგტონის საქმეა დაძაბულობის განმუხტვა მოლაპარაკებების გზით. გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ თქვა, რომ რუსეთი განახორციელებს სანქციებს, რომლებიც ფხენიანს მიმდინარე კვირაში დაუწესა გაეროს უშიშროების საბჭომ, მაგრამ ამაზე შორს არ წავა. მისი თქმით, სანქციების თაობაზე გაეროს რეზოლუცია ასევე შეიცავს ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებების წარმოების მოწოდებას და აშშ-მა პატივი უნდა სცეს ამ მოწოდებას. რუსეთის ელჩის სიტყვებით, რეზოლუციის ამ ნაწილის გაუთვალისწინებლობას რუსეთი რეზოლუციის პირობების დარღვევად მიიჩნევს. ნებენზია კვლავ გამოვიდა მოწოდებით, მხარი დაუჭირონ რუსეთისა და ჩინეთის გეგმას, რომელიც ფხენიანთან დიალოგს ითვალისწინებს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარსულში უარყვეს ეს გეგმა. მსგავსი მესიჯი გააჟღერა ჩინეთის ელჩმა აშშ-ში მას მერე, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 14 სექტემბერს გამოვიდა მოწოდებით, პეკინმა და მოსკოვმა უფრო „პირდაპირი მოქმედებები“ განახორციელონ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. აშშ ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს, ვიდრე ახლა აკეთებსო, თქვა ელჩმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG