Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის აზრით, გაეროს რეფორმა სჭირდება, რადგან სრულად ვერ იყენებს თავის პოტენციალს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოდის გაეროს რეფორმისაკენ მოწოდებით და ფიქრობს, რომ ორგანიზაცია სრულად ვერ იყენებს თავის პოტენციალს. ეს შეფასება ტრამპმა გამოთქვა 18 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გაეროს რეფორმის საკითხებს დაეთმო. ტრამპის შეფასებით, გაერო მეტისმეტად ბევრ ფულს ხარჯავს და მეტისმეტად ბევრ ადამიანს ასაქმებს. „გაერო სრულად ვერ იყენებს თავის პოტენციალს ბიუროკრატიისა და არასწორი მართვის გამო“, განაცხადა ტრამპმა. ეს იყო მისი პირველი გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში და რეფორმების მხარდამჭერი დეკლარაციის პროექტზე ხელმომწერი 120 ქვეყნის ლიდერები. ვაშინგტონი, რომელიც გაეროს უდიდესი დამფინანსებელია, სახსრების მკვეთრად შემცირებით იმუქრება. ხოლო ასეთი ნაბიჯი, გუტერეშის აზრით, „გადაუჭრელი პრობლემის“ წინაშე დააყენებდა ორგანიზაციას. გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დებატები 19-25 სექტემბრამდე გაიმართება. დონალდ ტრამპი ასამბლეას 19 სექტემბერს მიმართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - 21 სექტემბერს.

XS
SM
MD
LG