Accessibility links

ჩოფიკაშვილი: სამართალდამცავთა უმოქმედობა ნიადაგს ამზადებს მომავალში მუხთარლის გატაცების მსგავსი ქმედებებისთვის


არჩილ ჩოფიკაშვილი, ლეილა მუსტაფაევა, დაშგინ აღალარლი (მარჯვნივ)

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა,“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ და აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, დაშგინ აღალარლიმ თბილისში, საჯაროდ გამოაქვეყნეს ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები იმ პირებისა, რომლებიც მათი ინფორმაციით, უთვალთვალებენ. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი ეჭვობს, რომ ამავე პირებს კავშირი ჰქონდათ 29 მაისს, თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებასთან. არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, რამდენჯერმე მიმართა პოლიციას და პროკურატურას და წარუდგინა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები იმ პირებისა, რომლებიც 2017 წლის 29 მაისამდე უთვალთვალებდნენ აფგან მუხთარლისა და მის მეგობარს, დაშგინ აღალარლის. ადვოკატის თქმით, 29 ივნისს პოლიციას დამატებით აცნობა ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის მიმართ სავარაუდო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ, 7 აგვისტოს კი მთავარ პროკურატურას წარუდგინა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი იმ ოთხი პირისა, რომლებიც 4 აგვისტოს საღამოს, თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უთვალთვალებდნენ ლეილა მუსტაფაევასა და დაშგინ აღალარლის. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადებით, დღემდე არაფერია ცნობილი მოთვალთვალე პირების იდენტიფიცირების მიზნით მიღებული ზომების შესახებ. უფლებადამცველი ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აფგან მუხთარლის გატაცებამდე არსებული თვალთვალის ფაქტები და ამჟამად გააქტიურებული თვალთვალი დიდი ალბათობით მიუთითებს, რომ მსგავსი დანაშუალი შესაძლოა, მზადდებოდეს ლეილა მუსტაფაევას და დაშგინ აღალარლის მიმართაც, რადგან მუსტაფაევა ჟურნალისტია და იძიებს აზერბაიჯანის ხელისუფლების ბიზნესსაქმიანობას საქართველოში, ხოლო აღალარლი აზერბაიჯანელი პოლიტიკური აქტივისტია. „ქართველ სამართალდამცავთა უმოქმედობა ნიადაგს ამზადებს მომავალში აფგან მუხთარლის გატაცების მსგავსი ქმედებებისთვის და ამ ფონზე დაზარალებულები თავს განსაკუთრებით დაუცველად გრძნობენ“ - განაცხადა „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG