Accessibility links

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა მიმართავს გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს მიმართა და ორგანიზაციის ტრიბუნაზე გამოსვლის სურვილი გამოთქვა - ამის შესახებ სააგენტო რია-ნოვოსტი იუწყება დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. მისი განცხადებით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პოლონეთის, სლოვაკეთის, თურქეთის, ლიტვის და ესტონეთის ლიდერებმა დაგმეს ადამიანის უფლებების დარღვევა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ამით აჩვენეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას არ სურს გაითვალისწინოს აფხაზი ხალხის პოზიცია, რომელმაც თავისუფლად და დამოუკიდებლად განვითარების კანონიერი უფლება დაიცვა. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, აფხაზი ხალხის აზრის მიმართ მსოფლიოს ლიდერების მსგავსი დამოკიდებულება ხელს ვერ შეუწყობს აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული წინააღმდეგობების სამართლიანად გადაწყვეტას. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ევროპული ქვეყნების ლიდერები თავისი პოლიტიკური ილუზიების ტყვეობაში არიან და ხელმძღვანელობენ საქართველოს მიერ მსოფლიო თანამეგობრობისთვის თავსმოხვეული პროპაგანდით. აფხაზური მხარე გაეროს გენერალურ მდივანს მიმართავს, რომ აუცილებელია შეიქმნას ორგანიზაციის სტრუქტურებში აფხაზეთის წარმომადგენელთა მონაწილეობის მექანიზმი. დე ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთაშორისო აუდიტორიისთვის აფხაზების პოზიციის გაცნობა ხელს შეუწყობს საქართველოსთან თანასწორუფლებიან დიალოგს და წინააღმდეგობების ეტაპობრივ დაძლევას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG