Accessibility links

საქართველოს პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტებზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკის პრიორიტეტებზე. „ჩვენი სტრატეგიის ცენტრში საქართველოს მოქალაქეები არიან და ამით ვცდილობთ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომ გაძლიერებას და მშვიდობისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, წელს აღინიშნება გაეროში საქართველოს გაწევრიანების 25-ე წლისთავი და ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მიმღებიდან წარმატებით გარდაიქმნა წამყვან რეფორმატორად, რომელიც ახლახან აირჩიეს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარედ. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკის და მართლმსაჯულების სისტემების მდგომარეობის და კორუფციის დონის შემფასებელ, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებაზე, საკონსტიტუციო, განათლების და საგადასახადო რეფორმებზე და მიზანზე, საგრძნობლად გაუმჯობესდეს ქვეყნის ინფრასტრუქტურა. „ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიერ თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გასატარებლად, რაც გულისხმობს ქვეყნის გარდაქმნას ბიზნესის წარმოების რეგიონულ ცენტრად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და მოქალაქეთა სიღარიბიდან ამოყვანის ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაცაა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მნიშვნელობას და ინიციატივას, „ერთი სარტყელი - ერთი გზა,“ რომელიც ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობას და მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაზიდვებისთვის საჭირო დროს. „ამ დიდი წამოწყების ფარგლებში, აზია და ევროპა შეხვდებიან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მეშვეობით, რომელსაც ვახორციელებთ თურქ და აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად და საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად აშენებული ანაკლიის პორტით, რომელსაც შეეძლება ყველაზე დიდი ტევადობის გემების მიღება და ბევრად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG